17 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
განხილვის თემა განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენები იყო, კერძოდ კი - კანონპროექტი, რომლის მიხედვით უნივერსიტეტების ავტონომიურობა იზღუდება, სამსახურის გარეშე რჩება ბევრი ლექტორი, რომელსაც დოქტორის ხარისხი არ აქვს და რექტორს აკადემიური საბჭო აღარ აირჩევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნას და კანონპროექტს დასამტკიცებლად წარადგენს, იგი მას ვეტოს დაადებს. შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო კითხვა დაისვა. ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტს იმის შესახებ სთხოვა პასუხი, თუ რამდენად გამართლებულად მიაჩნდა მას მისივე მთავრობის პერიოდში არსებული ჩარევები უნივერსიტეტის მართვასა და თვითმმართველობების საქმიანობაში და მაგალითად გიორგი ხუბუა მოიყვანა. სტუდენტის თქმით, ყოფილმა რექტორმა სწორედ შაშკინის ბრძანების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის დროს თავდაპირველად ჩარევა ხდებოდა კორუფციის აღმოსაფხვრელად, რაც შემდგომში სრულიად გამოირიცხა. თვითმმართველობებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ სწორედ მისი მმართველობის შემდეგ გამოსწორდა მდგომარეობა სტუდენტურ ცხოვრებაში ჩარევის ფაქტების აღმოფხვრის მხრივ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო წლებში შექმნილი სისტემა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 90-იან წლებში არსებული.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის განმავლობაში ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომლებიც მის მმართველობის პერიოდის განათლების სისტემას ახლდა. როგორც მან აღნიშნა, თავიდან ბევრი ისეთი პროექტი გაუქმდა, რომლის მნიშვნელობაც მოგვიანებით გააცნობიერეს და კვლავ აღადგინეს. სტუდენტები უფასო განათლების საკითხსაც შეეხნენ. მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ მსოფლიოში უფასო არაფერი არ არის. მან მაგალითად კოლუმბიის უნივერსიტეტი მოიყვანა, რომლის კურსდამთავრებულიც თავადაა და აღნიშნა, რომ მართალია სწავლის საფასური იქ 30000 დოლარია, თუმცა, მას ამ თანხის გადახდა არ დასჭირვებია. ,,სწავლის საფასური არაადეკვატურად მაღალია, გამოსავალი კი სტიპენდიების, გრანტებისა და კონკურსების გაფართოებაშია. მტკივნეულად განვიცდი იმ საკითხს, რომ სტუდენტებს უცხოეთში სწავლის საშუალება არ მიეცათ. ვნანობ, რომ მეტი ფული არ ჩაიდო განათლებაში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის სასახლესთან სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი სტუდენტების პრეზიდენტთან შეხვედრას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სტუდენტებს ესაუბროს, რომ სააკაშვილი, ახალგაზრდების სახით აუდიტორიას ეძებს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პრეზიდენტის სასახლის წინ დგომითა და ხმამაღალი განცხადებებით სააკაშვილს მისი ცხრაწლიანი მმართველობის შეცდომებს ახსენებდნენ. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სააკაშვილი წარსულში მათი პრობლემებით არასდროს დაინტერესებულა.