საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის, ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა პროფესორ-მასწავლებლებისათვის თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია პროფესორსა და სტუდენტს შორის“.
ტრენინგის მიზანი იყო, განეხილათ ყველა ფსიქოსოციალური ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობაზე, საუბარი იყო ემოციურ გარემოზე, მეტყველებაზე, თუ რამდენად ეფექტურია სტუდენტისა და ლექტორის დამოკიდებულება სალექციო პროცესში.
როგორც პროფესორმა თამარ მალაღურაძემ აღნიშნა: “მე პირადად, მგონია, რომ სტუდენტებთან მეტნაკლებად ჰუმანური დამოკიდებულება მაქვს, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ არ მაქვს გართულება იმ საკითხებზე, როგორიცაა „შენობით“ მომართვა და სხვა მრავალი, ვცდილობ, მარტივად დავამყარო მათთან ურთიერთობა. ტრენინგის შეფასებას რაც შეეხება, ძალიან საინტერესოა, რეალურ პრობლემატიკაზეა მორგებული, ეს პრობლემა მართლაც არსებობს“.
თავად ორგანიზატორის, საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით: “ჩვენი დეპარტამენტი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს აღნიშნულ ცენტრთან, ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს რეალური პრობლემატიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. დღევანდელი ტრენინგის თემატიკაც მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, სტუდენტისა და პროფესორის ურთიერთობა თუ არ იქნება ეფექტური, ისე არაფერი გამოვა, ეს ჩემი მოთხოვნაა ჩემი თანამშრომლებისა და კოლეგების მიმართ. მომდევნო ტრენინგ-სემინარის კურსი შეეხება ლექციისა და სემინარების ჩატარების მოდელების განხილვას“.