მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა სახელწოდებით - "ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი", სადაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა და მსახიობებმა, ვოკალურმა ჯგუფებმა და ცეკვის ანსამბლებმა.
ღონისძიების მიზანია, შემოსული თანხით აშენდეს სახლები საქართველოს ყველა კუთხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ქსელიდან დარეკონ ნომერზე 0 901 700 607. ზარის საფასურია ერთი ლარი.
"ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი" - მისი ორგანიზატორები არიან მიშა ტყებუჩავა (მწერალი, პოეტი), რომელიც მებაღის ფსევდონიმით არის ცნობილი და მომღერალი გია ნიკოლაძე.
აქციის მონაწილის ალექსანდრე გიორგაძის თქმით, დღეს ჩატარდა ერთ-ერთი გრანდიოზული აქცია, რომელმაც მრავალი სპონსორი დააინტერესა. მისივე თქმით, დახმარების სურვილი გამოთქვეს, როგორც კერძო, ისე იურიდიულმა პირებმა.
თეონა მეიშვილი აქციაზე ერთ-ერთი სტუმარი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ კონცერტი სასიამოვნო და დადებითი მუხტის მიმცემი აღმოჩნდა მისთვის.