ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის მაღაზია "ლიგამუსში"გამოფენა გაიმართა თემაზე - "მე ჰერი ვარ, უძველესი ჰერეთიდან".
ღონისძიება ილიაუნის ორგანიზებითა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, გამოფენის პარალელურად მოესმინა ლექცია თემაზე - "ჰერეთი", რომელსაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის წარმომადგენელი თამარ კობახიძე წარუძღვა.
"დღესდღეობით ჰერეთის მაცხოვრებლებს ძალიან ბევრი პრობლემა გვაწუხებს. ეს არის სკოლებში არსებული განათლების დაბალი დონე. იქ ასწავლის ძველი თაობა, რომელსაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებლად ესაჭიროება პროფესიული გადამზადება, არაერთი ტრენინგის ჩატარება. თუმცა, ეს არ ხერხდება. ჰერეთში მცხოვრებ სკოლადამთავრებულ მოსწავლეებს უჭირთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება. ასევე გვხვდება პრობლემები გვარ-სახელებთან დაკავშირებით. მე თვითონ კახის რაიონიდან ვარ. აქ დაბადებული ბავშვი ქართულ სახელსა და გვარს ატარებს. თუმცა, ისეთ რაიონებში, როგორიც არის ზაქათალა და ბელაქანი, იზღუდება ქართული გვარ-სახელების ტარება. ადამიანი, რომელიც ქართულ სახელსა და გვარს ატარებს, ვერ ახერხებს პირადობის მოწმობის აღებას. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ, როგორც ახალი თაობა, მომავალში აუცილებლად შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "ქურმუხის" წარმომადგენელმა.