ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია "ევროპული ღირებულებები და იდენტობა" გაიხსნა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ-ს პროფესორი ნანა გუნცაძე და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი.
კონფერენცია თსუ-ს რექტორმა ვლადიმირ პაპავამ გახსნა. მისი განცხადებით, "საქართველოს ევროპული ორიენტაცია ოდითგანვე განსაზღვრულია, ეს არის ქართველი ხალხის შინაგანი მისწრაფება. მალე საქართველო მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას და ამ ფონზე დღეს თსუ-ში ტარდება დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული სახელმწიფო საქართველო: რა ღირებულებებია, რა ტრანსფორმაციები უნდა განიცადოს ეკონომიკამ, სახელმწიფოს მშენებლობამ, უსაფრთხოების საკითხებმა, კულტურულმა სფერომ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც განვითარებული ევროპული მოდელის მქონე ქვეყანა. ჩვენი უნივერასიტეტის პროფესურისა და სტუდენტების ჩართულობა არის იმის საწინდარი, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ეს კონფერენცია წარმატებული იქნება".
"კონფერენციის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტად გავრცელდეს ევროპული ღირებულებები. როგორც ჩანს, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ამის აუცილებლობა და ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ ასეთი ტიპის კონფერენცია, სადაც ასევე გამოჩნდება მეცნიერული კვლევებიც ამ სფეროში. ჩვენ უნდა შევეცადოთ, საქართველოს იდენტობის შენარჩუნებით დავნერგოთ ევროპული ღირებულებები. ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ ინტერდისციპლინარული კონფერენციის ჩატარება თსუ-ში" - აღნიშნა თსუ-ს რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის დოქტორმა და პროფესორმა ნანა გუნცაძემ.
საქართველოში საფრანგეთის ელჩ რენო სალენსის თქმით, ბოლო თვეების მანძილზე გარკვეული დებატები მიმდინარეობს საქართველოში ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებზე: "ჩემი აზრით, ამ კონფერენციის მიზანია შეისწავლოს ეს საკითხი და აჩვენოს, რომ არსებობს შესაბამისობა ქართულ იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებს შორის. სწორედ ამიტომ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პროფესორები ევროპიდან და საქართველოდან, ისინი გაცვლიან იდეებს, იმსჯელებენ ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვის".
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია გადასცა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნათია ფაილოძეს.
კონფერენცია 18 ივნისს დასრულდება.