ირანელმა მკვლევარმა, საჰაბის გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა მოჰამედ რეზა საჰაბმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება თემაზე - "საქართველო ძველ სპარსულ რუკებზე".
შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გია წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
მოჰამედ რეზამ ისაუბრა კარტოგრაფიის ისტორიაზე, მის პერიოდულ დაყოფაზე და განიხილა ყველა პერიოდის სპარსული რუკები, რომლებზეც საქართველოც იყო დატანებული. დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ერთ-ერთი უძველესი სპარსული რუკა, რომელიც ძვ.წ III ათასწლეულის არის და რომელზეც აღნიშნულია საქართველო.
"იმის გათვალისწინებით, რომ მოჰამად რეზა საჰაბი არის ირანის ერთ-ერთი მთავარი კარტოგრაფიული გეოგრაფიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, წამყვანი სპეციალისტი ამ სფეროში ირანში და საერთაშორისო აღიარებაც აქვს მოპოვებული, მისი ყოფნა და მოხსენება საქართველოში არის მნიშვნელოვანი. ის აპირებს ამ მოხსენების ფარგლებში გვაჩვენოს ძველი ისტორიული რუკები, რომლებიც ეხება ირანსა და სააქართველოს. ეს რუკები ღირებულია, როგორც ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისა და ასევე ძველი ცივილიზაციებისა და კულტურის შემსწავლელთათვის" - აღნიშნა მკვლევარმა ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა.
მუჰამედ რეზა საჰაბს გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა, შეხვედრა ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტში.