ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის" კვლევითი ნაშრომის "მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.
"საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის" კოორდინატორ ნინო იმედაშვილის თქმით: "დღეს იმართება პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც USAID-მა დააფინანსა. კვლევა ეხება იმას, თუ როგორ შეცვალა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბოლო წლებში ონკოლოგიურმა დაავადებებმა. კვლევა ჩაატარა ილიას უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ნიკოლოზ მაღლაფერიძემ. ავტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს იმ რეკომენდაციებით, რომლის განხორციელება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას გაზრდის საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები".
საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის - სიმსივნის როლის შემცირების მიზნით ავტორის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს შემდეგი პოლიტიკა: გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემა კიბოს კონტროლის მიზნით; შეამციროს კიბოს ფაქტორების ექსპოზიცია; უნდა მოხდეს კიბოს მიმართ სტიგმისა და დაავადებაზე არსებული მითების ელიმინაცია; უნდა გაუმჯობესდეს კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა; უნდა გაუმჯობესდეს ონკოლოგიური პაციენტების მიმართ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება; უნდა მოხდეს ტკივილისა და სტრესის მართვისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების პროფესიონალთა განათლება და ტრენინგი.
როგორც კვლევის ავტორმა ნიკოლოზ მაღლფერიძემ განაცხადა: "კვლევის მიზანი იყო, გაგვერკვია, თუ რა ახდენს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე გავლენას. შევადარეთ 2007 და 2012 წლები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა სიმსივნურ დაავადებებთან გვაქვს".