"საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" ორგანიზებით, ილიაუნიში დოკუმენტური ფილმის "ჰოლოდომორი" (ჰოლოდომორი - მასიური შიმშილობა) ჩვენება გაიმართა.
ფილმში ასახული იყო მასიური შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება მიიჩნიოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.
ფილმი შეიცავდა ისეთ ინფორმაციასა და ვიზუალურ მასალას, რომლის ჩვენებაც არ იყო რეკომენდებული 18 წლამდე ასაკისა და არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირთათვის.
"უკრაინაში აღნიშნავენ "ჰოლოდომორის" 81–ე წლისთავს. 1932–1938 წლის ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ათ მილიონამდე ადამიანი შეეწირა "ჰოლოდომორს". ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისათვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა. ვფიქრობ, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება, სწორედ "ჰოლოდომორის" გამოძახილია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფილმის ჩვენება" - აღნიშნა ორგანიზატორმა გივი უგულავამ.
"ეს ფილმი უნდა იყოს მაგალითი ჩვენი თაობისთვის, რომ დავინახოთ რეალურად რას წარმოადგენდა იმ დროს რუსეთი, როგორ ებრძოდა იმდროინდელ უკრაინას. შეიძლება მთლად საბჭოთა კავშირი არ არის, თუმცა, მსგავსი ხერხებით ცდილობს ხალხის განადგურებას. ეს უნდა იყოს ერთ–ერთი სიგნალი მათ შორის ჩვენთვის, ქართველებისთვისაც" - გვითხრა მაყურებელმა გიორგი წიწაკიშვილმა.
ფილმი 49 წუთს გაგრძელდა.