ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით მოეწყო საჯარო დისკუსია თემაზე - "ნარკომანია - ჯანდაცვის პრობლემა თუ დანაშაული?"
მომხსენებლები იყვნენ: ხატია აგიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რომელმაც ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში.
მისი თქმით: "ზემოხსენებული თემის ფარგლებში ვიმყოფებოდი ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში, სადაც ლაბორატორიის დირექტორ რატი ბოქოლიშვილისგან მივიღე სტატისტიკური ინფორმაცია c ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების შესახებ, ასევე შიდსით, ათაშანგითა და სიფილისით დაავადებულების შესახებ, რამდენი ანალიზი იყო აღებული და აქედან რამდენი იყო დადებითი. ასევე ინტერვიუ ავიღე ყბა-სახის ქირურგ გიორგი გურგენიძისა და გოგი სარიშვილისგან. გიორგი გურგენიძემ განაცხადა, რომ ნარკომანია არის დაავადება და ეს ადამიანები მასთან ურთიერთობისას არ გამოხატავენ არანაირ აგრესიას და, შესაბამისად, ძალადობისკენ მიდრეკილნი არ არიან, აქედან გამომდინარე (მისი პირადი პრაქტიკიდან), არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნიონ ისინი კრიმინალებად. თვეში საშუალოდ სამი ოპერაცია ტარდება ყბის მოკვეთით, რაც დეზომორფინის მოხმარების შედეგია. იგი იწვევს ინფექციურ დაავადებებს და ლპობის პროცესი იწყება. გასულ კვირაში დაიგეგმა სამი ოპერაცია და ერთი უკვე განხორციელებულია ყბის მოკვეთით.
გიორგი გურგენიძე ფიქრობს, რომ მეტადონის პროგრამა საკმაოდ ეფექტურია და ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. ამის მაგალითია "მიწით კაიფი". გოგი სარიშვილის აზრით, ნარკომანია - "ეს არის სტიგმა - უზნეო ჩვევა" და ეს ადამიანები არც ავადმყოფები არიან და არც კრიმინალები".
მომხსენებელთა შორის იყო ანა ქათამაძე - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის წევრი, რომელმაც ისაუბრა, თუ რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ნარკოტიკის გასინჯვამდე და, საბოლოოდ, ნარკომომხმარებლად ჩამოყალიბებამდე; ბავშვობის ტრავმაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ნარკოტიკის მოხმარების მიზეზი, სოციალიზაციის თეორიასა და ეტიკეტირების თეორიაზე. მისი თქმით, მარიხუანას მწეველთა 90% ხდება ნარკოტიკის უფრო მძიმე მომხმარებელი, მაგრამ დეკრიმინალიზაციისა და შემდეგ ლეგალიზაციის შემთხვევაში რთული სათქმელია, გავრცელდება, თუ არა ეს საქართველოზეც, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატ ლევან ვეფხვაძის თქმით, "ჩემი მოხსენება იყო, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული. მოვიყვანე მაგალითები სასამართლოს პრაქტიკიდან, ასევე აუდიტორიას გავაცანი დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკულ დანაშაულზე. შეხვედრაზე განვიხილე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გონივრული ეჭვის შესახებ. ასევე ვისაუბრე ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკის მოხმარებისათვის დაჯარიმების თაობაზე, რას ითვალისწინებს კანონი და ა. შ. ჩემი პოზიცია შემდეგია: "ნარკომანია არის, როგორც სახელმწიფოს პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ჩართულნი უნდა იყვნენ არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ მთელი საზოგადოება".