თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ირანელი ხელოვანის - ნასენ ფალანგის გამოფენა გაიმართა.
დამთვალიერებელთა შორის იმყოფებოდნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები. შეხვედრა გახსნა სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ კლდიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიისთვის დიდი პატივია ნასენ ფალანგის ნახატების გამოფენა.
გამოფენაზე იმყოფებოდა ირანის ელჩი საქართველოში, რომელმაც სამხატვრო აკადემიასა და მის რექტორს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის: "მოხარული ვარ, რომ ირანსა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ეს მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის". ელჩმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირზე. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მხატვარს ნახატების წარმოდგენისთვის და აღნიშნა, რომ ირანში ნასენ ფალანგი დაფასებული პიროვნებაა და მისი ნამუშევრები გასულ წელს მილიონზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა. ელჩის თქმით, ნასენ ფალანგის ნამუშევრები ირანელი ხალხისთვის სიწმინდედ მიიჩნევა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თავად მხატვარიც, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა დამთვალიერებელს: "სამყარო არის ადგილი, სადაც მეფობს სიყვარული და ჩვენ ამ სამყაროში გავიზარდეთ". მხატვარმა აღნიშნა, რომ მოხიბლულია ფიროსმანის შემოქმედებით და მისი ერთ-ერთი ოცნება საქართველოში ჩამოსვლა იყო. ნასენ ფალანგმა ისაუბრა ქართველი ხელოვანების მოღვაწეობაზე ირანში. მისი თქმით, ამ ადამიანებს მრავალი ფასეული ძეგლი აქვთ შექმნილი. დასასრულს მხატვარმა დამთვალიერებელს უთხრა, რომ მისი მომავალი გამოფენა დაკავშირებული იქნება საქართველოსთან.