ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრის კურსდამთავრებულებს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონიალის დაწყებამდე მსმენელებმა წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები იტალიის სხვადასხვა ქალაქის შესახებ.
იტალიური კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილისა და ფასიანი კურსების კოორდინატორის მანანა სიფრაშვილის თქმით: "დღეს 14 მსმენელს გადაეცა იტალიური ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი დონეების მიხედვით. თითოეული დონე მოიცავს სამ თვეს, ლექციები კვირაში სამჯერ ტარდება. ორ ლექციას ქართველი პედაგოგი ატარებს და ერთს - იტალიელი. ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ყოველთვის უერთდება იტალიის საელჩო. დღეს სტუმრად გვყავდა იტალიის საელჩოს კულტურული ატაშე ნიკოლეტა დაგა. იტალიური ენის კურსების ქართველი მასწავლებელი გახლავთ ნანა ლომია".
ცერემონიალის მსვლელობის დროს ცნობილი გახდა, რომ იტალიური კულტურის ცენტრი აპირებს რამდენიმე მოსწავლის გაშვებას "სწავლა-დასვენების" პროგრამით იტალიაში, მარკეს რეგიონში, ქალაქ კამერინში. მსმენელები გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, განიმტკიცებენ იტალიურის ცოდნის დონეს, ივლიან ექსკურსიებზე და დაესწრებიან ლექციებს. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მათი გამგზავრებისა არის ის, რომ წარადგინონ საქართველო სხვა ქვეყნების მსმენელთა წინაშე, ანუ მოაწყონ საკუთარი ქვეყნის პრეზენტაცია იმ მოსწავლეთა წინაშე, რომლებიც საქართველოში არასდროს ყოფილან და არაფერი სმენიათ მასზე.