შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტურიზმის სამიტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
სამიტის მიზანია დასავლეთ ევროპისა და საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა, მათ შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა.
,,სამიტის ფარგლებში დებატები გაიმართება და ძალიან საინტერესო თემები იქნება ტურიზმის სფეროს შესახებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველოში ტურიზმის განვითარების დონესა და მისი გაუმჯობესების ეტაპებზე და აქვე მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მოწვეულნი იქნებიან ამ დარგში წამყვანი ექსპერტები" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოდერატორმა ჰოლანდიიდან.
შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინეს ქართველმა წარმომადგენლებმა: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტში თორნიკე ზირაქიშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ტურიზმის განვითარებას: სასტუმროს მომსახურება, მომსახურე პერსონალის გადამზადება.
,,ეს არის პირველი სამიტი ტურიზმის დარგში, სადაც დარეგისტრირებულია 95 ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი)" - გვითხრა სამიტის კოორდინატორმა ეკა ტაბიძემ.
,,იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი ტურისტული სამიტი საქართველოში, რომელიც ხორციელდება ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ჰოლანდიელ სტუდენტებთან, რომელთაც გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ტურისტულ ინდუსტრიაში, მოხდა ინფორმაციის გაცვლა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული წინსვლისთვის" - აღნიშნა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტმა ციცი ჯანგიძემ.