აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონიდან მიწვეული ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ,,MACMILLAN EDUCATION"-ის კონფერენცია გაიმართა სწავლების სხვადასხვა მეთოდის შესახებ.
როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა გურგენიძემ აღნიშნა, ქუთაისში ზუსტად იგივე კონფერენცია ჩატარდა გასულ წელს 215 მასწავლებლის მონაწილეობით. მისი თქმით, კონფერენციის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს, ჰქონდეთ წვდომა ყველა ახლად დანერგილ მეთოდთან, რითაც ისინი იხელმძღვანელებენ თავიანთ სკოლებში. კონფერენცია ხორციელდება პროექტის ,,English book in Georgia" ფარგლებში. მასწავლებლებს დღეს ტრენინგი ჩაუტარა ოთხმა ტრენერმა, მათ შორის პროგრამის ტრენერების კოორდინატორმა ტერეზა დოგუელმა.
,,ამ კონფერენციის საშუალებით ყველა აკრედიტებულ მასწავლებელს საშუალება გვაქვს, ვიხელმძღვანელოთ სწავლების უახლესი მეთოდებით. ასარჩევია 5 თემა, რომელთაგან ერთ-ერთზე, რასაც მოსწავლეებთან გამოვიყენებთ, უცხოელი პედაგოგები ჩაგვიტარებენ ტრენინგს. პროექტი ხელს უწყობს, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების განვითარებას" -განაცხადა ინგლისური ენის პედაგოგმა როზა ბენიძემ.
,,4 წელია, რაც ამ პროგრამას საქართველოში ვახორციელებთ, ხოლო მეორე წელია - ქუთაისში. ძალიან მომწონს ქართველი მასწავლებლები. მათ ვეხმარებით საერთაშორისო დონეზე გააუმჯობესონ ინგლისური ენის სწავლება. მათთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ვფიქრობ, ამ კუთხით დღევანდელი კონფერენცია და ტრენინგები მათთვის კარგი საშუალება იქნება" - აღნიშნა ,,MACMILLAN EDUCATION"-ის რეგიონულმა მენეჯერმა (ცენტრალურ ევროპაში) ნიკ გოუდიმ.