თსუ-ს სტუდენტები განათლების სამინისტროსა და საქსტატის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან
26 ივნისი, 2014
თსუ-ს სტუდენტები განათლების სამინისტროსა და საქსტატის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინიციატივის გამო.

მათი აზრით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილე სტუდენტების GPA-ს დონის მიხედვით შერჩევა სწორი გადაწყვეტილება არაა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლების მინისტრის მრჩეველს ოთარ აბესაძესა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს მერი დაუშვილს უმასპინძლა. ოთარ აბესაძის თქმით, განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში დასაქმება საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. თუმცა, ,,მათი შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების - GPA-ს მიხედვით. შესაბამისად, საუკეთესო GPA-ს მქონე სტუდენტები მოხვდებიან პროგრამაში" . 

ინიციატივამ შეხვედრის დამსწრე სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. ოთარ აბესაძემ განმარტა, რომ მათ თავიანთი ფაკულტეტების ადმინისტრაციულ სამსახურებს უნდა მიმართონ. შევსებული განაცხადებიდან კი განსაზღვრულ კვოტას აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩევენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის გიორგი ნიპარიშვილის თქმით, პროექტის მონაწილეების GPA-ს მიხედვით შერჩევა სამართლიანი გადაწყვეტილება არაა. ,,GPA-თი რატომ უნდა განისაზღვროს? შეიძლება, ვიღაცას მაღალი GPA ჰქონდეს, მაგრამ არაკომუნიკაბელური ადამიანი იყოს და ხალხთან ურთიერთობა არ შეეძლოს" - აღნიშნა სტუდენტმა ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.

გიორგი ნიპარიშვილის თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ მონაწილეებს ტესტირების ან გასაუბრების გზით შეარჩვედნენ: ,,ან ტესტირება უნდა გაეკეთებინათ რაღაც კრიტერიუმით ან გასაუბრება ჩაეტარებინათ ყველასთვის, ვინც შეავსებს განაცხადს, რომ გაერკვიათ, ვინ როგორ აზროვნებს და რა უნარები აქვს".

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის მეორე საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამინდის შესაძლო გაუარესების გამო ყაზბეგის, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიეტეტბის მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა, შესაძლოა, სექტემბერში განხორციელდეს. 11 ივნისს, საქართველოს განათლებსა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც აღწერაში უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტები დასაქმდებიან.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary