საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც ლექტორი მურად ნარსია წარუძღვა.
"როგორ მივაღწიოთ წარმატებას" - ეს არის თემის სახელწოდება, რომლის მოსასმენადაც სტუდენტები და დაინტერესებული ადამიანები შეიკრიბნენ.
მსმენელებმა მოისმინეს ფაქტები მომხსენებლის პირადი გამოცდილებიდან, წარმატებულ ადამიანთა მაგალითები და წლების განმავლობაში ნაგროვები მასალა.
მურად ნარსიამ დაარწმუნა თითოეული მსმენელი, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. საკუთარ უნარებს აღმოჩენა და, რაც მთავარია, სწორად გამოყენება სჭირდება, მათ ძებნასა და განვითარებაზე უარი არ უნდა თქვან და თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცენ.
სტუდენტ-ასისტენტ ლუკა კიკნაძის თქმით, "ლექცია "როგორ მივაღწიოთ წარმატებას" - ეს არის თემა, რომელიც აქტუალურია თითოეული ადამიანისათვის. ბატონი მურადის ლექციების შემდეგ ჩემში გაჩნდა მოტივაცია და სტიმული, მივაღწიო წარმატებას დღესვე. დილით ვიწყებ ფიქრით, თუ როგორ მივაღწიო წარმატებას და ვასრულებ მას ჩემი გეგმის ჩანაწერის ყურებით".
როგორც სტუდენტმა გურანდა ხერგიანმა გვითხრა: "ბატონი მურადისგან წამოვიდა იდეა, რომ ჩაეტარებინა ეს ლექცია - "როგორ მივაღწიოთ წარმატებას" და ამავდროულად მთელი სემესტრის განმავლობაში ის ავითარებდა ჩვენში სტიმულს, რათა ვყოფილიყავით უფრო ეფექტურები. ეს ლექცია ჩვენი გუნდური მუშაობის შედეგია".
"ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი პრეზენტაციით. აუდიტორია იყო ჩართული, ფიქრობდა და ცდილობდა, კომენტარი გაეკეთებინა თითოეულ საკითხზე. თავად თემაც საინტერესოა, ყველას უნდა, იყოს წარმატებული და ამისკენ მიმავალ გზასა და მიზნებს სახავს" - აღნიშნა სტუდენტმა ნათია ცარციძემ, რომელიც ამ კონკრეტული ლექციის დროს ლექტორის ასისტენტი იყო.