ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ანგარიში
30 ივნისი, 2014
     ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ანგარიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

"ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" - ასე უწოდეს ორგანიზატორებმა გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს.

,,ცენტრი უმთავრესი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც იცავს და იკვლევს ჩვენი ქვეყნის ხელნაწერ მემკვიდრეობას. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიძველეთსაცავი, სამეცნიერო და კულტურული დაწესებულება, ქართველოლოგიური კვლევების ერთ-ერთი უმთავრესი კერა 1958 წელს ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა და 2007 წლამდე მას ხელნაწერთა ინსტიტუტი ერქვა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია, ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ისტორიული მეხსიერებაა. აქ დაცულია უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნაშრომები, ავტოგრაფები, პირადი არქივები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კოლექცია" – განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსებიდანვე მრავალპროფილიანი სამეცნიერო დაწესებულება იყო, პრიორიტეტი ტრადიციულად მაინც ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევებს ენიჭებოდა. ამის შედეგად დაწესებულებაში საკმაოდ ძლიერი ქართველოლოგიური კვლევითი ბაზა ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტრადიციული სკოლის შენარჩუნების პარალელურად ახალი მიმართულებების განვითარებასაც შეეცადა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საგამოფენო და საპრეზენტაციო საშუალებით წარმოდგენილი იყო 2007-2014 წლების საქმიანობის ანგარიში. ამგვარი შეჯამება საინტერესო გახლდათ, როგორც მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ისე ფართო საზოგადოების, სახელმწიფო და კერძო უწყებებისთვის.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ეხილა ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი საილუსტრაციო მასალები, სხვადასხვა სივრცეში ლოკალიზებულ ფოტოგამოფენები, ბოლო წლების განმავლობაში შემოწირული ხელნაწერები, ცენტრის გამოცემები. 

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს - კალიგრაფიის კონკურსს, სტაჟირებისა და სტიპენდიის პროგრამებს.
მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც შესაძლებელი იყო ცენტრის ელექტრონული ბაზებისა და რესურსების გაცნობა. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალურად.
გამოფენა–პრეზენტაციაზე სტუმრებს შორის იმყოფებოდა თამარ სანიკიძე, კოტე სურგულაძე და კოტე კუბლაშვილი.

,,ეს არის უნიკალური დაწესებულება, საგანძური, რომელსაც განვითარება და ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება. ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ახალი შენობის მშენებლობას. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს პროექტზე მუშაობა დასრულებული იქნება" – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary