საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ექსტერნის გამოცდების შესახებ სიახლეები მიაწოდა დაინტერესებულ პირებს.
გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც სურს ექსტერნატის ფორმით დაძლიოს მისი ასაკის შესაბამისი კლასი და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი. ამასთანავე, ექსტერნად რეგისტრირდება ის პირი, ვისაც გაცდენების გამო უწევს საგნის ან კლასის დაძლევა ექსტერნატის ფორმით. 2012–2013 წლების ექსტერნის გამოცდები ჩატარდება 2013 წლის 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, ამჟამად მიმდინარეობს ექსტერნის ფორმით განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 21 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.
"მოსწავლეთა ასაკობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებით ობიექტური გარემოებების არსებობის გამო და სამინისტროში დღეის მდგომარეობით შემოსული განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება და შესაბამისად, მინისტრის თანხმობას არ საჭიროებს პირი, რომელიც დაბადებულია 1996 წელს, დაძლეული აქვს მე–11 კლასის პროგრამა და სურს მე–12 კლასის ექსტერნის ფორმით გამოცდის ჩაბარება. ამდენად, 1996 წელს დაბადებულ პირებს, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის რესურს-ცენტრს და მიმდინარე წლის 21 ივნისის დღის ბოლომდე დარეგისტრირდნენ მე–12 კლასის ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდაზე" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ექსტერნის ფორმით მე–12 კლასის დაძლევა არ გულისხმობს სკოლის ატესტატის მიღებას, სანამ მოსწავლე არ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რომლის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის თქმით, ექსტერნის გამოცდები სკოლებში ტარდება, ხოლო რეგისტრაცია რესურს-ცენტრებში მიმდინარეობს.