თსუ-ს სააქტო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
მაგისტრანტებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
აისეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მაგისტრის წოდება ოცდაჩვიდმეტმა სტუდენტმა მიიღო.
ISET-ის 2014 წლის კლასის ლიდერს ნინო ქადაგიძემ ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადასცა.
კურსდამთავრებულ ნათია ფურცხვანიძის თქმით: "მიხარია, რომ დღევანდელ ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ბაკალავრიატი 2012 წელს თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დავამთავრე, წელს კი მაგისტრის ხარისხი მომენიჭა. სწავლის გაგრძელება ჯერ არ დამიგეგმავს, თუმცა, თუ ეს მოხდება, მინდა ეს უკვე საზღვარგარეთ გაგრძელდეს".
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ. მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან, როგორც ამას წინა 6 გამოშვების გამოცდილება აჩვენებს - ISET-ს კურსდამთავრებულთა დასაქმებას 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.