ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს მოწვეული პროფესორის, ოპერატორისა და რეჟისორის დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმის "დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა" პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე თავად რეჟისორი წარდგა და აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი შედეგია იმ ტრაგიკული მომენტისა, როცა ქალბატონი ლილი იოსელიანი გარდაიცვალა. "სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სპექტაკლზე და მისთვის არ არსებობდა სამუშაო ვადა, რეპეტიციას მხოლოდ იწყებდა და თუ ამთავრებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ღამდებოდა. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს მე მასთან შეხება არ მქონია, თუმცა, სულ მესმოდა მასზე ლეგენდები, მის ერთბაშად მკაცრ და საოცრად საინტერესო ბუნებაზე. სპექტაკლი, რომელზეც არის აღნიშნული ფილმი, მას თითქმის გაკეთებული ჰქონდა, 15 აპრილიდან იწყებოდა სცენაზე ასვლის რეპეტიციები და, სამწუხაროდ, 14 აპრილს მას ინსულტის მძიმე შეტევა მოუვიდა. საინტერესოა, რისი თქმა სურდა ლილი იოსელიანს თავისი ბოლო სპექტაკლით, რომელიც თვითონაც კარგად იცოდა, რომ ბოლო იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პიესა იბსენისთვისაც ბოლოს წინა პიესა იყო, მას მერე აღარაფერი შეუქმნია. ეს არის პიესა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, როგორც ქალბატონი ლილი ამბობდა: ადამიანსა და ძალაუფლებაზე (რა ემართება მას, როდესაც ძალაუფლებას აძლევ ხელში), ფულსა და ძალაუფლებაზე, ამბიციასა და სიყვარულზე, ოჯახურ ურთიერთობებზე (როგორ ცვლის ძალაუფლება ამ ურთიერთობებს)".
რეჟისორის შემდეგ აუდიტორიას ლილი იოსელიანის სტუდენტმა რუსუდან ბოლქვაძემ მიმართა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ის ატმოსფერო, რომელიც დარბაზშია ძალიან ჰგავს მისი პედაგოგის ხასიათს. "ის ძალიან წყნარი, კეთილი და ადამიანისათვის მცხოვრები პიროვნება იყო, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს იყო ნაზიარები და ამის მეტი არაფერი აინტერესებდა. ძნელია დოკუმენტური ფილმის გადაღება ასეთ პიროვნებაზე, მით უფრო, რომ მანამდე არ იცნობ და ამ დროს გიწევს მისი გაცნობა. მე მინდა, რომ რეჟისორს: "ქალბატონ ლილის ბოლო მოწაფე" ვუწოდო. მან შეძლო, მოერია ამ ზღვა მასალას და მისი გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მოამზადა ეს ფილმი. ის ისტორიული პიროვნება გახდა, აღარ არის უბრალოდ "ქალბატონი ლილი", ის არის ლილი იოსელიანი - ნამდვილი ხელოვანი, პიროვნება და პედაგოგი". რუსუდან ბოლქვაძემ მის სახელოსნოს უწოდა "სკოლა, სადაც პიროვნებებს აყალიბებენ". მსახიობის პროფესიას ის "ადამიანთმცოდნეობას" უწოდებდა.
ფილმი 54 წუთს გრძელდება. ის მოიცავს ლილი იოსელიანის უკანასკნელი სპექტაკლის ჰენრი იბსენის "იუნ გაბრიელ ბორკმანის" რეპეტიციის კადრებს, ასევე მისი მეგობრების, ახლობლების, მოსწავლეებისა და მსახიობების მოგონებებს. რეზო ჩხეიძე, ლაშა თაბუკაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ სტურუა, რუსუდან ბოლქვაძე, ქეთი ქიტიაშვილი, ბესო მეგრელიშვილი, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია, გია ბურჯანაძე, ვასილ კიკნაძე, ანზორ გვაძაბია, ნინო კიტია და დიმიტრი ხვთისიშვილი დიდი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებენ უდიდეს რეჟისორთან ურთიერთობასა და იმ სიცოცხლის დაუშრეტელ ძალას, რომლითაც ის ცხოვრობდა. რეზო ჩხეიძის თქმით, მის სპექტაკლში არ არსებობდა საშუალო მსახიობი, ყველა საუკეთესო იყო, ნებისმიერს, ვინც მასთან საქმეს დაიჭერდა, ტვინს აცლიდა და საკუთარ ტვინს უდებდა.