"UG DASI"
10 ივლისი, 2014
"UG DASI" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოთხრობაში "ზუსტად 8 საათზე" წამოჭრილი პრობლემა, რომელზეც ნოდარ დუმბაძე გასულ საუკუნეში წერდა, როგორც ჩანს, დღესაც რჩება აქტუალური, რადგან საქართველოს უნივერსიტეტის ახლადშეკრებილმა დასმა (დასის ხელმძღვანელი ხატია აგიაშვილი, რეჟისორი გიგა გოგიჩაძე, მსახიობები: შოთა ანდღულაძე, თემურ ლეგაშვილი, გუგა არჩვაძე, რუსა ალადაშვილი, მარიამ მაქაცარია, მარიამ გარაყნიძე, ნიკა თათარაშვილი) გასულ კვირას სწორედ ამ მოთხრობის გაცოცხლება გადაწყვიტა.

ვისი იდეა იყო დასის ჩამოყალიბება? ვინ არიან მისი მონაწილეები? რისი თქმა სურთ და რატომ ხდება რეჟისორისთვის სწორედ ეს თემა აქტუალური? ამ კითხვებით დასის ხელმძღვანელსა და რეჟისორს დავუკავშირდით.

რეჟისორ გიგა გოგიჩაძის თქმით, "ზოგადად, ნოდარ დუმბაძე და მისი შემოქმედება ძალიან მიყვარს, ეს მოთხრობა - განსაკუთრებით. ხშირად მიფიქრია მის დადგმაზე და მომეცა კიდეც ამის საშუალება. ახალი შეკრებილი დასი იყო და შედარებით მარტივი რაღაც უნდა შემერჩია, მარტივი სათამაშოდაც, დასადგმელადაც და თან აქტუალურიც. ეს თემა არა მარტო მაშინ, არამედ უფრო ადრეც, დღეს და მგონი ყოველთვის იქნება აქტუალური. პრობლემა სნობიზმია. დღემდე არის ეს პრობლემა საქართველოში. ევროპისგან შორს არ ვართ და არც ადრე ვყოფილვართ, უბრალოდ, ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, უხეში მიმბაძველობით იღებდნენ რაღაცეებს ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ძალიან გრძელი თემაა, ასე ორი სიტყვით ვერ გადმოგცემთ". 

როგორც დასის ხელმღვანელმა ხატია აგიაშვილმა აღნიშნა: "2012 წელს, როდესაც რუსთაველის თეატრის რეჟისორმა (რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში იყო მიწვეული) ამიყვანა საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ დასში, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო ფუნქციონირება, გადავწყვიტე, მედიატორთა კლუბის ფარგლებში (რომლის პრეზიდენტიც ვარ) ჩამომეყალიბებინა თეატრალური დასი "UG DASI", ვინაიდან ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ის რეალობად მექცია. ეს იდეა ინდივიდუალურად ჩამოვაყალიბე და გადავწყვიტე, მეთანამშრომლა ჩემს მეგობარ ნიკა თათარაშვილთან, რომელიც თავის დროზე ზემოხსენებული არშემდგარი დასის შექმნაში იღებდა მონაწილეობას". 

კასტინგი და, ზოგადად, დასის ჩამოყალიბების პირველი ეტაპები საკმაო წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ სირთულეს აბსოლუტური უსახსრობა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის გარდა, არავის სჯეროდა დასის შექმნის ამბავი, ხატია აგიაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ კასტინგი დაენიშნა (აქ პრობლემა იყო აუდიტორიის გამოყოფასთანაც კი), სადაც მოლაპარაკების ხარჯზე, სრულიად უსასყიდლოდ მივიდა მის მიერ არჩეული რეჟისორი და ჟიური დაკომპლექტდა - გიგა გოგიჩაძის (რეჟისორი), ნიკა თათარაშვილისა და ხატია აგიაშვილისაგან არსებული გამოცდილების ხარჯზე. რაც შეეხება მსახიობებს, მათ სხვადასხვა სირთულის, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური დავალებები მიეცათ. დასის შემადგენლობაში უმეტესობა ახალბედაა, თუმცა, საკმაოდ ნიჭიერები, როგორც თეატრმცოდნეებმა აღნიშნეს. ასევე არიან ისეთები, რომლებიც თეატრალურში აბარებდნენ და გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა მათი თეატრთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მათთვისაა "UG DASI" შანსი, დადგნენ დიდ სცენაზე. ეს პრემიერა დებიუტი იყო თითოეული დასის წევრისათვის სერიოზულ მინისპექტაკლში. 

"გიგა თავდაპირველად მარჯანიშვილის პრემიერისათვის ემზადებოდა, შესაბამისად, რეპეტიციებს მე ვატარებდი. დავამუშავეთ ტექსტები, გადავანაწილეთ როლები, დავიწყეთ დეკორაციის აწყობა, გიგას დაბრუნების შემდეგ, მოხდა მხოლოდ ორი მსახიობის გადანაცვლება და შევუდექით მუშაობას გიგას რეჟისორული ხედვით. ასე ვთქვათ ნიადაგის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა" - გვითხრა დასის ხელმძღვანელმა.

როგორც რეჟისორმა გიგა გოგიჩაძემ აღნიშნა: "თავიდანვე ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მუშაობის პროცესში ბუნებრივია შეივსო სიახლეებით. რთული როლი არცერთი არ იყო, მიუხედავად სტუდენტების გამოუცდელობისა, არ გაჭირვებიათ მუშაობა. საბოლოო ჯამში, კარგი გამოვიდა, რაც მთავარია, მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ და მგონი, მაყურებელმაც ნორმალურად მიიღო ჩვენი სპექტაკლი".

მსახიობობა რთული პროფესიაა-ო - ამბობენ. ჩემთვის კი, ეს არის ის, რისი კეთებაც მომწონს. არის ისეთი როლები, რისი შესრულებაც შეიძლება მოგთხოვონ, რომელიც შენ პრინციპს ან ხასიათს ეწინააღმდეგება, თუმცა, ეს მე ჯერ არ მემუქრება, ვინაიდან ჩემს საკუთარ დასში ვარ (ვხუმრობ). ჩემი პერსონაჟი ევროპაში ნამოგზაურები, პარიზული აქცენტების მატარებელი გოგოა, რომელიც სითამამეს იჩენს ურთიერთობებისას და ძალიან პრანჭიაა. რეალურად განსხვავდება ჩემგან, თუმცა, ეს უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დავიჭირე საერთო ხასიათი ჩემსა და "Катя"-ს შორის და ცოტაც ჩემი დავუმატე, რაც გამოვიდა, სცენაზე ნახა მაყურებელმა. პერსონაჟის გარეგნული მხარე თავად ავარჩიე და გრიმიც თვითონ გავუკეთე ყველა მსახიობს, თუმცა, რაღაც შტრიხები რეჟისორმაც მირჩია. თავიდან ვფიქრობდი სხვადასხვა სცენაში სხვადასხვა კოსტიუმი მცმოდა, თუმცა, ბოლოს გიგასთან კონსულტაციით გადავწყვიტე, ისე გამოვწყობილიყავი, როგორი ჩაცმულიც მივედი პრემიერის დღეს" - ამბობს დასის ხელმღვანელი და ყველას ურჩევს სპექტაკლი ნახვას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary