ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბის სტუმარი იყო მთარგმნელი, პოეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი.
საუბრის თემა შეეხებოდა ალბერ კამიუს რომანს "უცხო".
ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მენეჯერის მაშო სამადაშვილის თქმით: "დღეს ვმართავთ ბოლოს წინა შეხვედრას, ძალიან მიხარია, რომ გიორგი ეკიზაშვილია ჩვენი სტუმარი. ის, რომ დღევანდელი საღამო ალბერ კამიუს "უცხო"-ს ეძღვნება, თავად მთარგმნელის გადაწყვეტილებაა, ამაში ჩვენ არასდროს ვერევით და ავტორს ყოველთვის ვუტოვებთ არჩევანის საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ თავად მთარგმნელი საუბრობს რომანზე, როგორც წესი, მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სიახლოვე და მეტი ინფორმაცია აქვთ ავტორზეც და საინტერესოა მათგან ამის მოსმენა".
გიორგი ეკიზაშვილმა ალბერ კამიუს არაერთი ნაწარმოები თარგმნა და უამრავი ფრანგულენოვანი ავტორი. განსაკუთრებით კამიუ უყვარს და როგორც თავადაც აღნიშნა, გარკვეული დროის განმავლობაში ამ მეტსახელითაც კი მოიხსენებდნენ.
სტუდენტ ნანა გოგოლაძის თქმით: "ალბერ კამიუ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მწერალია, "უცხომ" და "დაცემამ" დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, შემიცვალა შეხედულება. შესაბამისად, კამიუ იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად და მაინტერესებს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება".