,,კიბო განაჩენი არ არის!”
13 ივლისი, 2014
,,კიბო განაჩენი არ არის!” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომელიც ეხმაურება საერთაშორისო პროექტს სახელწოდებით - "კიბო განაჩენი არ არის!".

იგი საქართველო-საბერძნეთის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტის მიზანია სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა დახმარება, რომელთაც საქველმოქმედო ორგანიზაციის "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი" მოხალისეებმა გამოუცხადეს სოლიდარობა.

პროექტს "კიბო განაჩენი არ არის!" ა.წ 18 მაისს ათენში ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიება ათენის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორ დარეჯან ღამბაშიძის დახმარებით სპექტაკლ "ფიროსმანით" დაიწყო და 25 მაისს ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასიაში" ავთანდილ მიქაბერიძის დახმარებით გაგრძელდა.

,,პროექტი ეძღვნება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც ქართველმა და საბერძნეთში მყოფმა ემიგრანტებმა, ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილის" მოხალისეებმა, სამასმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა. ერთთვიანი ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვეგროვებინა მათთვის სამკურნალო თანხა, რომელიც რამდენიმე ადამიანს მოხმარდა. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ გააერთიანებს ,,ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის" მოხალისეებს. დღეს სტუმრად გვყავდა განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც და ჩვენი მოღვაწეობიდან 5 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ჩვენ გვწამს იმისა, რომ განსხვავებული შესაძლებლობა არ არსებობს, უბრალოდ, მათთვის საჭიროა განსხვავებული გარემო, რომელიც ვალდებულნი ვართ, ჩვენ შევუქმნათ" - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის" პრეზიდენტმა ანა გვაზავამ.

,,ეს პროექტი თავიდან ათენში სპექტაკლით დავიწყეთ, როდესაც აქ ჩამოვედით, მაშინ დამებადა იდეა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება გაგვემართა რესტორან ,,წისქვილში" და მასში მონაწილეობა მიეღოთ არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუმრებსაც, უპირველეს ყოვლისა, გვსურდა, ამ საღამოთი გვეთქვა, რომ ერთად ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია შევცვალოთ, ამისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო" - აღნიშნა საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ნანიტაშვილმა.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ესტრადის წარმომადგენლებმა, ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვაც.
,,ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ღონისძიებაში, ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, უფრო გააქტიურდნენ და დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ" - გვითხრა ღონისძიების მონაწილემ ნიკა კიკნაძემ.

,,ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად იმართება საქველმოქმედო საღამოები, რაც ძალიან მახარებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, დახმარების ხელი გავუწოდოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ მათ დავეხმარო და ხალხსაც იმავეს მოვუწოდებ, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრს ვხარჯავთ და ის მინიმალური თანხა, რომელიც ჩვენთვის, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს, ამ ხალხს გადავურიცხოთ და კეთილ საქმეს მოვახმაროთ" - თქვა პროექტის მონაწილემ მარიამ კოტრიკაძემ.

"მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ, ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ იფიქრონ ამ ადამიანების გასაჭირზე და დაეხმარონ მათ მორალურად თუ ფინანსურად. მე პირად ძალიან მიხარია, როცა ასეთ ადამიანებს ვუხალისებ ცხოვრებას და ჩემი წვლილი შემაქვს მათთვის უკეთესი პირობების შექმნაში" - განაცხადა ღონისძიების დამსწრემ მარიკა ქავთარაძემ.

დღევანდელი დღით ორგანიზატორებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ "კიბო განაჩენი არ არის!" და მიუხედავად ყველანაირი ასაკობრივი ბარიერისა - "მე შემიძლია შევცვალო!".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary