ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პროფესორისა და გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს გაუძღვა სერგი ჯორბენაძე, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა წიგნის შინაარსი, იმ პროფესორ-მასწავლებელთა სახელები და გვარები, რომელთაც პატივი ხვდათ წილად მათი სტატიები (სამეცნიერო ნაშრომები) დაბეჭდილიყო ზემოთ აღნიშნულ წიგნში.
პირველი მომხსენებელი იყო თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა, რომელმაც დიდი პატივისცემა გამოხატა ლადო ჭანტურიას მიმართ. აღნიშნა, რომ მას, როგორც პროფესორს, 34 წელი აქვს უნივერსიტეტის კედლებში გატარებული, ის არის მისი მეგობარი და ამ წიგნის პრეზენტაცია მხოლოდ მისივე მოუცლელობის გამო დაგვიანდა ერთი წლით.
მომხსენებელთა შორის იყვნენ: ბესარიონ ზოიძე; მზია ლეკვეიშვილი - ლადო ჭანტურიას ლექტორი, რომელმაც უდიდესი სითბოთი და პატივისცემით გაიხსენა მისი სტუდენტობის წლები და მას საუკეთესო მოსწავლე და პროფესიონალი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ლადო ჭანტურიასგან ბევრი აქვს ნასწავლი, მის წიგნებს დღემდე ეცნობა და ურჩევს თავის სტუდენტებს; გურამ ნაჭყებია, მან აღნიშნა, რომ მას აქვს საოცარი უნარი, რთული თემები გადმოსცეს მარტივად, თითქოს აქ რთული არაფერი ყოფილიყოს-ო; მერაბ თორავა - ლადო ჭანტურიას ჯერ სტუდენტი და შემდეგ თანამშრომელი. მან ლადო ჭანტურიას საუკეთესო იურისტი უწოდა საქართველოში და აღნიშნა, რომ დასანანია ასეთი კადრის დიპლომატიაში გადასვლა და ბოლოს დიმიტრი გეგენავა - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც ლადო ჭანტურია დააჯილდოვა დავით ბატონიშვილის მედლით სამართლის სფეროში შეტანილი წვლილისათვის.
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ლიკა გიორგაძის თქმით: “დღეს არის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის საიუბილეო გამოცემათა მორიგი სერიიდან კრებულის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ელჩს გერმანიაში, ბატონ ლადო ჭანტურიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს არის სტატიათა კრებული სამართლის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს სურს, დააფასოს ადამიანების დამსახურება, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სამართლის განვითარებაში”.