სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 82 და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია.
პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ცნობილი აფხაზი მეცნიერის ხუხუტი ბღაჟბას სამეცნიერო მემკვიდრეობას, აფხაზურ ცნობილ ქართულ ხელნაწერებსა და აფხაზურ ლიტერატურას, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის, განათლების, დემოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევას.
კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ჯონი აფაქიძემ, რომელმაც ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია და ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უნივერსიტეტებზეც, რომელნიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკონფერენციო სამუშაოებში: ,,ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან დღევანდელი კონფერენცია ეროვნული ხასიათისაა, მასში მონაწილეობენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერები. მოგეხსენებათ, რომ შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც სულ მალე გამოქვეყნდება, როგორც თბილისში, ასევე სოხუმში".
შეხვედრას ესწრებოდნენ კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.
,,ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენ გვერდით ვარ, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს გავუზიაროთ მიმდინარე პროცესებში ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ადგილი და შეხედულებები" - განაცხადა ფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
"ზოგადად, კონფერენცია არის მთელი წლის მუშაობის შეჯამება. 2013 წელი ჩვენთვის, სოხუმის უნივერსიტეტისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ხოლო რა შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, ეს კონფერენცია შედგა, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ" - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსმა ზურაბ პაპასქირმა.