კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო გაიმართა ბერი ანდრიას ფონდის მხარდასაჭერად.
შემოსული თანხა მთლიანად ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება, რომელიც მძიმე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. პოეზიის საღამოზე ასევე აჩვენეს ბერი ანდრიას ცხოვრების ამსახველი ფილმი.
პოეტ ზურა სალუქვაძის თქმით: „ჩემთვის დიდი პატივია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რადგან ამ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა გამოუცხადოს“.
როგორც საღამოს ორგანიზატორმა ლიკა ბირკაიამ აღნიშნა: “დღევანდელი საღამო ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსული თანხით ჩვენ ვეხმარებით ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებს, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ“.
„მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატერება იმისათვის, რომ სამაგალითო გახდეს სხვებისთვისაც და ჩვენი თანადგომა გამოვუცხადოთ გაჭირვებულ ადამიანებს“ - გვითხრა დამსწრე ირმა ბირკაიამ.
მსმენელ მარიამ თეთრუაშვილის აზრით, მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს, რომ ყველამ გაიგოს ასეთი ადამიანების შესახებ და უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მათი დახმარება.
ღონისძიების სპონსორი ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური სისხლის ბანკი იყო.