საერთაშორისო სიმპოზიუმი „მედიის კანონი“
22 ივლისი, 2014
საერთაშორისო სიმპოზიუმი „მედიის კანონი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი "მედიის კანონი" თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და იმედოვნებს, რომ ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის მედიის თვითრეგულირებას. პროცესში ჩაერთვებიან სტუდენტები: "მედია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სამართლებრივ საფუძველს დაეყრდნობა ის. ბუნებრივია, რომ არსებობს დიდი საერთაშორისო გამოცდილება და ეს კონფერენცია ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რომ შემუშავებული იყოს საკანონმდებლო საფუძვლების საერთო გაგება, რომელიც სჭირდება მედიის განვითარებას".

"დოიჩე ველე აკადემიის" აზიისა და ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ბეტინა რუიგიესმა მადლობა გადაუხადა თსუ-ს რექტორს მიღებისთვის. "დოიჩე ველეს აკადემია" ხშირად ატარებს ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს, მათ შორის მედიასამართალში: "ჩვენ ვატარებთ კონფერენციას, რომელიც ეხება მედიასამართალს. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს მათთვის მედიასამართალი, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი. ბუნებრივია, ბევრი კანონი ეხება მედიას, მედიის თავისუფლებასა და მედიარეგულაციებს, სწორედ იმ რეგულაციების განხილვას ვაპირებთ ამ კონფერენციაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იცოდეს".

"ჩვენი ამოცანაა, ვეცადოთ, ჟურნალისტებმა გაიგონ კანონმდებლობა. ჩვენ შევატყეთ, რომ ჟურნალისტები და იურისტები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ჟურნალისტებმა უკეთ გაიგონ საკანონმდებლო აქტი, რომლითაც მუშაობენ. ასევე იურისტებმა და ადვოკატებმა უკეთესად გაიგონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, რათა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიონ" - განაცხადა "დოიჩე ველე აკადემიის" იურიდიული განყოფილების წარმომადგენელმა მიშელ ფლეშმა.

ღონისძიების ფარგლებში სიმპოზიუმის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვის (21-22 ივლისს), ჟურნალისტიკის პროფესორებისთვის (23-24 ივლისს), მედიასამართლის ფორუმი გერმანელი და ქართველი ექსპერტებისა  და სამხრეთ კავკასიის ფორუმი ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისთვის. 

სიმპოზიუმი "დოიჩე ველე აკადემიისა" და თსუ-ს ორგანიზებით იმართება და 25 ივლისს დასრულდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary