ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
23 ივლისი, 2014
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლის 14-23 ივლისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდა ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - "ქართული ხელნაწერი".

სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის - საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდა 14 მსმენელი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საკითხებზე: ,,ქართული ხელნაწერის" მონაწილეებზე და იმ ღონისძიებებსა თუ აქტივობებზე, რომლითაც დაკავებულნი იყვნენ უცხოელი სტუდენტები თუ მკვლევარები: ,,საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები, სტუდენტები, რომლებიც, ძირითადად, დაინტერესებულნი იყვნენ ჰუმანიტარული დარგის მეცნიერებებით. საზაფხულო სკოლა 23 ივლისს დასრულდა. ამ ათი დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ ლექციები ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე და, რა თქმა უნდა, ქართულ ხელნაწერებზე. ლექციების გარდა, ისინი მონაწილეობას იღებდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რაც გულისხმობდა ექსკურსიებს, ადგილზე ლექციების ჩატარებასა და სამუშაო შეხვედრას, რომელიც მოიაზრებდა ანბანისა და ქართულად წერის სწავლას, რესტავრაციისა და ქაღალდის შექმნის სემინარებს, მათ საშუალება მიეცათ, შუა საუკუნეების ტექნოლოგიებით შეექმნათ ქაღალდი, რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მონაწილეებისათვის". 

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თამარ კაკუბავამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა საერთაშორისო საზაფხულო სკოლისთვის და ასევე ყურადღება გაამახვილა ,,ქართული ხელნაწერის" მიზნებზე. მისი თქმით, დაფინანსების მოპოვებისთანავე გამოცხადდა კონკურსი, მათ გადააგზავნეს ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო დაწესებულებაში, რის შედეგადაც 30-მდე აპლიკანტმა გამოაგზავნა საბუთები, შემდეგ კი კოორდინატორებისა და კომპეტენტური პირების დახმარებით, შეირჩა საუკეთესო 14 მონაწილე: ,,საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართული კულტურისა და მეცნიერების გატანა საქრთველოს ფარგლებს გარეთ, სამეცნიერო კუთხით მომუშავეთა დაინტერესება და მათი მონაწილეობა ,,ქართულ ხელნაწერში". გვსურს, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდონ ჩვენს პროექტებს და, რაც ყველაზე მთავარია, დავიმკვიდროთ ადგილი საერთაშორისო დონეზე".

საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა საქართველოში გატარებული 10 დღე. ისინი აღფრთოვანებით საუბრობდნენ საქართველოს კულტურაზე, ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციებზე, ქართულ დამწერლობასა და მის უნიკალურობაზე.

,,საზაფხულო სკოლაში ჩატარებული ლექციები ნამდვილად საინტერესო და დიდებული აღმოჩნდა ჩემთვის, ამ პროგრამის საშუალებით დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ქართული კულტურისა და დამწერლობის შესახებ. ქართული ისტორიული ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დათვალიერება ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, ხოლო ჩვენ მიერ დაკომპლექტებული ფოკუსჯგუფების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ერთობ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის" - აღნიშნა თურქეთის წარმომადგენელმა ბაშაკ კატიმ.

,,როდესაც შევიტყე, რომ შემეძლო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება, ძალიან გამეხარდა. აქ გატარებული რამდენიმე დღე ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ლექციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მე ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყველასგან განსხვავებულია, მომავალში აუცილებლად გესტუმრებით" - გვითხრა ბულგარეთის წარმომადგენელმა.

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - ,,ქართული ხელნაწერი" დღეს, 23 ივლისს, დასრულდა. სკოლის დახურვამდე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია-მოხსენებები თავიანთი სამეცნიერო კვლევის შესახებ, რის შემდეგაც ისინი წიგნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary