თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა.
შეხვედრას, როგორც ქართველები, ისე უცხოელი მოხალისეები ესწრებოდნენ. აქციის მიზანი იყო ცხოველების დაცვა ექსპლუატაციისგან და საზოგადოებისთვის მოწოდება ცხოველთა უფლებების დაცვისაკენ. ღონისძიების ორგანიზატორი ოლეგ ოზეროვი იყო. აქციის დროს გაიმართა კონკრეტული აქტივობა-მსვლელობა, ველოსიპედებით სეირნობა, ფილმის ჩვენება, დისკუსია და სხვა. 25 ივლისს იგეგმება აქტივისტების ბანაკებში გასვლა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე თემურ ლაჭყეპიანი აღნიშნავს: "ჩვენი მიზანია, არ მოხდეს ცხოველთა ექსპლუატაცია, საზოგადოებას მოვუწოდოთ ცხოველთა უფლებების დასაცავად". საუბრისას ის იხსენებს საზარელ ფაქტებს ცხოველების წამების შესახებ: "ჩვენი მოთხოვნაა, ის კანონები, რომლებიც დღეს ვრცელდება ცხოველებზე, უკეთესად დაიცვან და მოვუწოდებ საკანონმდებლო ორგანოებს, დაამტკიცონ ის კანონპროექტები, რასაც შესაბამისი კომიტეტებისა და ორგანოების მეშვეობით წარვუდგენთ. მუნიციპალურ თავშესაფრებში ხშირია ჯანმრთელი ცხოველების დაძინება".
მონაწილეების დიდი სურვილია მეტი ყურადღება დაეთმოს, როგორც შინაური ცხოველების, ასევე გარეული ცხოველების უფლებებსაც. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა "ცხოველთა დაცვის საზოგადოების", "ცხოველთა სამყაროს" დამფუძნებელი გულიკო ფუტკარაძე: "დღეს განვიხილავთ ჩვენთვის საინტერესო და ძირითად საკითხებს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხება ცირკში მყოფ ცხოველებს და მათი წამების ფაქტებს. ჩემი აზრით, ადამიანებმა ცხოველებისგან ფული არ უნდა იშოვნონ, ცხოველები უნდა იყვნენ ბუნებაში, ტყეში, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ისინი ვწამოთ და მათი გამოყენებით შემოსავალი გავზარდოთ".
აქტივისტები სამომავლოდ უფრო ფართო ღონისძიებებს გეგმავენ, მათი დიდი სურვილია, მოაგროვონ თანხა უპატრონო ცხოველებისთვის და გაუწიონ მათ დახმარება.