ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია
24 ივლისი, 2014
ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ "ქართველოლოგისა" და "საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ.

ჟურნალი "ქართველოლოგი" დაარსდა 1993 წელს პროფესორ ელგუჯა ხინთიბაძის მიერ. დღეისათვის ევროპის ქართველოლოგიურ ცენტრებში ცნობილი სამეცნიერო ჟურნალია. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი "ქართველოლოგი" იქნება ახალი ტიპის სამეცნიერო გამოცემა, რომლის მიზანია, გამოავლინოს და გამოაქვეყნოს უახლესი სამეცნიერო მიღწევები საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ სამეცნიერო კვლევებს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

"ჟურნალს აქვს საკუთარი მკვეთრად გამოხატული კონცეფცია: იგი ორენოვანია და მართლაც აერთიანებს ქართველოლოგებს - ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ძველ თაობასა და ახალგაზრდა მკვლევარებს. მიმართულია ქართველოლოგიის ინტეგრირებისაკენ საერთაშორისო ასპარეზზე, ამას ახორციელებს ინტერნეტ-გამოცემის ფორმით და ორენოვანი ტექსტებით. მიუხედავად თავისი მრავალპროფილიანობისა, ჟურნალი ახერხებს თემატური ბლოკების შექმნას და მკითხველს - ქართველსაც და უცხოელსაც ნათელ წარმოდგენას უქმნის ქართველოლოგიის ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულების აქტუალურ პრობლემატიკაზე" - აღნიშნა სარედაქციო საბჭოს წევრმა დამანა მელიქიშვილმა.

"საერთაშორისო ქართველოლოგიური ცენტრი" და მისი ჟურნალი დღემდე, ძირითადად, "რუსთაველის ფონდის" ხელშეწყობით არსებობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებობს "საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა", რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დღემდე უწყვეტად ემსახურება ქართველოლოგიური საქმიანობის უცხოეთში გატანას და საზღვარგარეთის ახალგაზრდა სამეცნიერო კადრის ქართველოლოგიით დაინტერესების საქმეს.

ამ სკოლის მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება და ფართოვდება. დღევანდელი მონაცემებით, სკოლის არსებობის მანძილზე დაახლოებით 200 უცხოელი ახალგაზრდა იმყოფებოდა საქართველოში. საზაფხულო სკოლის უცხოელი მსმენელები ეცნობიან საქართველოს ძველ და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებას. ყოველი კვირის ბოლოს ექსკურსიები უტარდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

პრეზენტაციას დაესწრო კურსდამთავრებული კოჯიმა იასუჰირუ, როემლმაც ამ პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა. ისწავლა ქართული ენა, კულტურა, ისტორია, ახლა კი სხვებსაც ასწავლის. იგი ასევე ჟურნალ "ქართველოლოგიის" სარედაქციო საბჭოში გაწევრიანდა.

ელგუჯა ხინთიბიძის თქმით: სწორედ ჟურნალ "ქართველოლოგმა" შემოიკრიბა უცხოელი მკვლევარები, საიდანაც ზოგიერთი მათგანი ქართველოლოგი გახდა. "საზაფხულო სკოლის" სტუდენტები კი არიან თითქმის ყველა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ტაილანდი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, უნგრეთი და ა.შ. სკოლა უცხოელებს ასწავლის არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ სრულ ინფორმაციას აძლევს ქართველოლოგიურ დისციპლინებზე. საზაფხულო სკოლის უცხოელ მსმენელთა რაოდენობა თითოეული წლისთვის 8-10 მონაწილეა, ხანგრძლივობა კი 5 კვირაა".

დღეისათვის ჟურნალ "ქართველოლოგიის" 21-ე ნომერი გამოიცა, ასევე "საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლაც" 21-ჯერ ტარდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary