„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს“
25 ივლისი, 2014
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალი კანონის პროექტზე (მისი ავტორი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი), რომელიც, მათი აზრით, სერიოზულ ცვლილებებსა და გადამუშავებას საჭიროებს.

საიას წარმომადგენლები მიესალმებიან დღეს მოქმედი მოძველებული კანონის ცვლილების სურვილს, თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის - სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას. 

საიამ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე გამოყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს კანონპროექტში:
• წარმოდგენილ ვერსიაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული საჯარო ინტერესის ტესტი (გულისხმობს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით);
• ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ მისი გასაჯაროება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს ("ზიანის ტესტი");
• ზოგადად, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის ქვეშ მოხვდეს ის ინფორმაცია, რომელიც კანონდარღვევებზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გარემოსა თუ ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საშიშროებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მამხილებლები - საჯარო მოხელეები, რომელთაც მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო საიდუმლოებაზე და მისი გასაჯაროებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ავლენენ, იყვნენ დაცულნი ამ ინფორმაციის გასაჯაროებისას;
• დანაშაულად მიჩნეულ უნდა იქნეს არა უბრალოდ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, არამედ ისეთი შემთხვევა, როდესაც გამჟღავნება გამოიწვევს ზიანს, ხოლო ჟურნალისტებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა გამორიცხოს;
• კანონპროექტი წამყვან როლს სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვაზე კონტროლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშული საკითხი გადასახედია;
• კანონპროექტი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას. საიას მოსაზრებით, მსგავსი ჩანაწერი აზიანებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელებას და მიუღებელია. 

საიამ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა პარლამენტს უკვე მიაწოდა,სადაც ყურადღება გამახვილებულია ასევე ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
• კერძო პირთა ავტორობით შექმნილი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საფრთხეები;
• დასაიდუმლოების ვადების ხანგრძლივობა;
• ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის გადაწყვეტილების ყოველწლიურად გადახედვის პრაქტიკაში ამოქმედების საჭიროება და სხვა.
შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში წარიმართა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

,,ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია შეეხებოდა "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალი კანონის პროექტს, მივიჩნევთ, რომ არსებული კანონპროექტი საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემუშავების პროცესი არ ყოფილა სათანადოდ ღია, რაც გულისხმობს, რომ ამ პროცესში ჩართულნი არ ყოფილან საერთაშორისო ექსპერტები, მაგალითად, როგორიცაა ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, მათ საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საიამ მიმართა ნატოს სამეკავშირეო ოფისს, ვინაიდან მათი ექსპერტიზა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მათ გავაცანით არსებული სიტუაცია და ვთხოვეთ, საჭიროებისა და მანდატიდან გამომდინარე, ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში და გაგვიზიარონ ის გამოცდილება, რაც მათ აქვთ" - განაცხადა საიას იურისტმა სოფო ჭარელმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary