„მკვლელი პოლიციელია!“
29 ივლისი, 2014
„მკვლელი პოლიციელია!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა აქცია სახელწოდებით - ,,მკვლელი პოლიციელია".

შეგახსენებთ, რომ 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.
აქციის აქტივისტების თქმით, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, შსს-ს პოლიტიკა გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის მიმართ არ იცვლება. არ დაწყებულა ფართომასშტაბიანი კამპანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, სადაც ჩართულნი იქნებოდნენ მედია, მთავრობის უმაღლესი პირები და შსს-ს მინისტრი.
აქციის მონაწილეები დღეს უკვე მესამედ შეიკრიბნენ სამინისტროსთან იმისათვის, რომ შეახსენონ შსს-ს თავისი მოვალეობები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იდა ბახტურიძე ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრია, მისი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშობა არაეფექტურია, ამის შედეგად კი ხდება ის, რომ ასეთი ძალადობრივი ქმედებები ძალიან ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება: ,,მივმართავთ თხოვნით შსს-ს, გამოავლინოს ნულოვანი ტოლერანტობა ამ დანაშაულის მიმართ, ჩვენ პეტიციითაც მივმართეთ მათ, არაერთი მოთხოვნა წავუყენეთ, რომ გაამკაცრონ ასეთი დანაშაულების მიმართ ქმედებები და დაიწყონ ის აქტიური კამპანია, რასაც ამდენი ხანია გვპირდებიან".

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია აცხადებს, რომ ქალების მკვლელობამ ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა: ,,ეს აქცია ტარდება უკვე მესამედ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს რეალური ბრძოლა ამ დანაშაულის მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ შსს-მ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, ყველა ქალმა იცოდეს იმის შესახებ, რომ თუ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად უნდა მიმართოს პოლიციას ან პატრულს". მისი თქმით, ხშირია პოლიციის მიერ ასეთი ფაქტების უგულებელყოფა და ხშირად ისინი არ რეაგირებენ: ,,პოლიციელები არასერიოზულად ეკიდებიან ოჯახში ჩადენილ დანაშაულს, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არ არის დანაშაული, რომ ეს არის უბრალო, რიგითი კონფლიქტი, რომელზეც არ უნდა მოცდეს პოლიცია".

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი მანამდე ჩაატარებენ აქციას, სანამ არ დაინახავენ კონკრეტულ ქმედებებსა და შედეგებს. "ქმედებები ორიენტირებული უნდა იყოს რეზულტატზე! ჩვენ, სანამ არ დავინახავთ, რომ რეზულტატი დადგა, მანამდე არ გავჩერდებით". ბაია პატარაია ამბობს, რომ დღეს მენტალობაში ხდება გარდაქმნა: ,,ქალები ახლა იწყებენ ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იმისთვის, რომ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის ოჯახის ირგვლივ, ის, რომ გაშორდნენ ქმრებს და დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება. დღემდე მიიჩნევა, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, უნდა ემორჩილებოდეს ან მამას, ან ძმას, ან ქმარს, ხოლო როდესაც ის იჩენს საკუთარ ინიციატივას, მას წინ ხვდება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სიცოცხლის აღკვეთა".

ის ასევე აქციის შინაარსზეც გვესაუბრება: ,,დღევანდელ ჩვენს აქციას ორმაგი შინაარსი აქვს: ერთი, რომ, ფაქტობრივად, მკვლელი პოლიციელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, ხოლო მეორე, თუ თავს მივცემთ იმის საშუალებას, რომ ინტერპრეტაცია გავუკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომ შსს ხელს უწყობს ამ დანაშაულის აყვავებას იმით, რომ არ ებრძვის და არ იცავს ქალებს, მე პირადად მიმაჩნია, რომ ოჯახში ამგვარ დანაშაულზე უნდა გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა იმიტომ, რომ რეალურად ეს მკვლელობები არის ოჯახში ძალადობის უკიდურესი გამოვლენა".

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ გაეროს ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" წევრები. მისი ერთ-ერთი წევრი ხატია გოგალაძე ამბობს, რომ მისი აქციაზე მოსვლის მიზანი იყო, მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისა და ქალებისათვის, რომლებიც ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი: "მე მათ თანავუგრძნობ ამ ერთი დღით. მინდა, რომ მინიმალურად მაინც შევცვალო ეს ყველაფერი. მივიჩნევ, რომ ჩემი საქციელით სხვას მივუთითებ კარგისკენ და არა, პირიქით, ძალადობისკენ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary