ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, რექტორის მოადგილეებმა და ფაკულტეტის დეკანებმა მიულოცეს.
სიგელები გადაეცა 18 კურსდამთავრებულს, რომელთაც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. მათ შორის საუკეთესომ ნატალია მებურიშვილმა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, თსუ-ს ბაღში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
ერთ-ერთი დაჯილდოებულის, ლევან ლორთქიფანიძის, თქმით: "სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით. მივიჩნევ, რომ დღევანდელ ჩვენს გაცილებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. მე ისევ ვაბარებ იმავე მიმართულებით, მაგისტრატურაში ვაგრძელებ სწავლას. დღეს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც უამრავი პრობლემა იყრის თავს, მას არ აქვს ფინანსები, არ ატარებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რაც ერთიორად აკნინებს მის ფუნქციას საზოგადოებისთვის".
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდა, შემდეგ კი ჯგუფ "თსუ არტის" კონცერტით გაგრძელდა.