პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
30 ივლისი, 2014
პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა თავიანთი შესაძლებლობა კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე გამოავლინეს.

ოლიმპიადა სამ მიმართულებას მოიცავდა: ვებპროგრამირება, კომპიუტერული ქსელები, სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

სასწავლო ოლიმპიადის მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტების გამოვლენა და მათი წახალისება.

ოლიმპიადაში მიღწეული შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე გუნდის შემადგენლობაც. ოლიმპიადის ჩატარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

ოლიმპიადა დავალებებისა და ტესტირების მეშვეობით ჩატარდა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცული იყო. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაცია საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა გაუწიეს.
ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში პირველ ადგილზე გასული ოლიმპიადის მონაწილენი, ხოლო საპრიზო ადგილები დაიმსახურეს რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში მეორე და მესამე ადგილზე გასულმა ოლიმპიადის მონაწილეებმა. თითოეულ მოდულში შეფასება 100-ქულიანი სისტემით განისაზღვრა.

ოლომპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით დააჯილდოვა: პირველი ადგილი - 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, მეორე ადგილი - 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, მესამე ადგილი - 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის თქმით: "ძალიან კარგი პრეცენდენტია კურსდამთავრებულთა შორის ოლიმპიადის ჩატარება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები ძალიან მაღალი მოთხოვნის მატარებელი პროფესიებია ბაზარზე. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კოლეჯში დღეს გვყავს გამარჯვებულები ამ ოლიმპიადაში და, რაც მთავარია, დაიმსხვრა სტერეოტიპი, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებაში - გაიმარჯვა არაჩვეულებრივმა გოგონამ, რომელსაც უკვე აქვს შეთავაზება დამსაქმებლისაგან. პრაქტიკის შემდეგ შეუდგება შრომით საქმიანობას მიღებული სწავლა-განათლების შედეგად".

სოფიკო გენაშვილმა, რომელმაც კომპიუტერულ ქსელების პროგრამაში უმაღლესი ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიმსახურა, განაცხადა: "პირველ რიგში, ამ ოლიმპიადამ გამხადა თვადაჯერებული. ვფიქრობ, რომ ყველა ქალბატონს შეუძლია, სცადოს ბედი ამ პროფესიაში. მაქვს შემოთავაზებებიც, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, ალბათ, ამ ოლიმპიადასაც. ვფიქრობ, დიდ წვლილს შეიტანს ჩემი კარიერის წინსვლაში".

ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტის, ანა კუპრაშვილის თქმით, "ოლიმპიადაში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ კვალიფიკაცია ამემაღლებინა. ასეთი შეჯიბრებები კარგია, თუნდაც გამოცდილებისთვის. მომავალში, ალბათ, ყველა ჩვენგანს გამოადგება ასეთი სახის ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary