საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტები სწავლას მომავალი სემესტრიდან განაახლებენ
09 სექტემბერი, 2014
საქართველოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტები სწავლას მომავალი სემესტრიდან განაახლებენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის 730 სტუდენტს სტუდენტური სტატუსი შეუჩერდა.

აქედან 540-მა სტუდენტმა სტატუსი შეგნებულად შეიჩერა, ვინაიდან ისინი მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადავიდნენ. დარჩენილი 190 სტუდენტი კი თავს დაზარალებულად მიიჩნევს, რადგან, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგნელები ამბობენ, ისინი მხოლოდ შემდეგ სემესტრში შეძლებენ სტუდენტური სტატუსის აღდგენას.

საქართველოს უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, სტუდენტები ყოველწლიურად (15 ივნისამდე) რეგისტრირდებიან მომდევნო აკადემიურ წელზე. რეგისტრაციის არგავლა ავტომატურად სტატუსის შეჩერებას გულისხმობს (რეგისტრაცია მოიცავს სწავლის საფასურის გადახდასა და სასწავლო კურსების არჩევას).

სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებული საკითხი მეტად მწვავე აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, მათი თქმით, ისინი არ ყოფილან ინფორმირებულნი ამის შესახებ და აცხადებენ, რომ ვადები ყოველწლიურად იცვლება საქართველოს უნივერსიტეტში.

,,საქართველოს უნივერსიტეტში ვსწავლობ უკვე მესამე წელია და ამ დროის განმავლობაში მეორედ შემიწყვიტეს სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო. ჩვენ, სტუდენტებს, არ გვქონდა ინფორმაცია ვადების შესახებ. როდესაც მივედი სექტემბერში უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად, მითხრეს, რომ ისევ ახალი ვადები და დრო იყო დათქმული, ყოველ წელს იცვლება ვადები, ბრძანებულებები, ამიტომ ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში ყველა სტუდენტმა იცოდა ვადების შესახებ, ნამდვილად სიცრუეა" - აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთევან ჩინჩალაძემ.

,,სტატუსი შემიჩერეს იმის გამო, რომ არ ვიყავი ინფორმირებული ვადების შესახებ. მხოლოდ სექტემბერში გავიგე, რომ 15 ივნისი ყოფილა რეგისტრაციის ბოლო დღე" - გვითხრა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა თეონა ხარაულმა.

სტუდენტების მოსაზრებას ვადებზე ეწინააღმდეგება საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კონსტანტინე თოფურია: ,,რეგისტრაციის, შესაბამისად, სწავლის საფასურის გადახდის ვადები დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით და არ შეცვლილა მრავალი წელია. შესაბამისად, მაღალკურსელი სტუდენტები ამას აკეთებდნენ არაერთი წლის განმავლობაში და მათთვის ეს ცნობილი იყო. პირველკურსელებისთვის სწავლის დაწყებამდე ტარდება საორიენტაციო კვირეული, სადაც საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ეძლევათ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის, სწავლის საფასურის, ვადების, სოციალურ საქმეთა კომისიის მუშაობის წესის და ა.შ. შესახებ. ასევე უტარდებათ ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ონლაინსისტემით, რომლის მეშვეობითაც ხდება რეგისტრაცია და კომისიის სახელზე განცხადებების გაგზავნა.
ანალოგიური ინფორმაცია პირველივე გვერდზეა განთავსებული საორიენტაციო ბროშურაზე, რაც ყველა პირველკურსელს ურიგდება.
სტუდენტს ხელშეკრულებით მოეთხოვება საუნივერსიტეტო წესდების გაცნობა, სადაც რეგისტრაციისა და სწავლის საფასურის გადახდის წესია დადგენილი.
ყველა სტუდენტს დაეგზავნა შეტყობინება, სადაც მოხდა შეხსენება რეგისტრაციისა და, შესაბამისად, სწავლის საფასურის გადახდის ვადების მოახლოებაზე.
ყველა სტუდენტს დაეგზავნა შეტყობინება სოციალურ საქმეთა კომისიის მიერ მუშაობის დაწყებისა და მის სახელზე განცხადებების გაგზავნის ვადების შესახებ (სოციალურ საქმეთა კომისია მუშაობს მაისის თვის განმავლობაში და იღებს სტუდენტთა განცხადებებს 1-დან - 30 მაისამდე).
ყველა იმ სტუდენტს, ვინც არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, დაეგზავნა შეტყობინება სტატუსის შეჩერების საფრთხეზე. თითქმის ყველა მათგანის არაერთჯერადი გაფრთხილება მოხდა ზეპირსიტყვიერადაც" - აღნიშნა კანცლერმა.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასახმარებლად გაერთიანდა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს საქართველოს უნივერსიტეტს და სთხოვეს, რომ სწავლის საფასურის გადახდის საფუძველზე მათთვის აღედგინათ სტუდენტის სტატუსი, თუმცა, მათი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ: ,,უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პრინციპულად უდგება სტუდენტებს, ამბობენ, რომ ისინი მათ არ აღუდგენენ სტატუსს. ჩვენ შევხვდით უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, გავესაუბრეთ და გვითხრეს, რომ სტუდენტებს სტატუსი მხოლოდ მეორე სემესტრში აღუდგებათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის მიგვეცა 3 დღე იმისათვის, რომ სტუდენტების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, თუკი ამ 3 დღეში არ მოაგვარებენ სტუდენტთა პრობლემას, ჩვენ მოვაწყობთ მასობრივ აქციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დაინტერესებას ამ საკითხის მიმართ დადებითად აფასებს საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კონსტანტინე თოფურია, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მხოლოდ მეორე სემესტრში შეძლებს სტუდენტებისათვის სტატუსის აღდგენას.

,,ჩვენ მივესალმებით ყველა დაინტერესებული პირის აქტიურობას, რომელიც გულწრფელად მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენების უფლებების დაცვას. ამ მხრივ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის, როდესაც ადგილი აქვს კონსტრუქციულ დიალოგსა და სტუდენტებზე ზრუნვის მოტივაციას. ჩვენი განმარტების ფონზე, იმედი გვაქვს სტუდენტების პასუხისმგებლობის გრძნობის, ხოლო ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულმა სტუდენტმა, რომელსაც მომავალ სემესტრამდე სტატუსი შეუჩერდათ, თავი საქართველოს უნივერსიტეტის აქტიურ წევრად იგრძნოს. ყველა მათგანს სტატუსი აღუდგება. შემოდგომის სემესტრზე აღდგენის ვადები უკვე გაშვებულია, სემესტრი უკვე დაიწყო! მათ 20 ნოემბრამდე უნდა მოგვმართონ განცხადებით და სტატუსის აღდგენა მოხდება მომდევნო სემესტრიდან. აქვე აღვნიშნავთ, რომ მომავალი სემესტრიდან საქართველოს უნივერსიტეტი დამატებითი კრედიტების აღების საშუალებას იძლევა, რაც მათთვის სერიოზული შეღავათის მომტანი იქნება" - განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერმა კონსტანტინე თოფურიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary