გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფის გახსნა თსუ-ში
13 სექტემბერი, 2014
გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფის გახსნა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარიის ხელმძღვანელი დავით ყოლბაია, ქართველი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავს ეძღვნება, გაიმართა ვიდეოფილმის "ის, რაც გვაგონებს გრიგოლ ფერაძეს" პრემიერა; გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებში დაცული ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძესა და ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიწერილი გრიგოლ ფერაძის წერილები, თსუ-ს ემიგრაციის მუზეუმში დაცული წმინდა გრიგოლ ფერაძის სამშობლოსა და ემიგრაციაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი იშვიათი ფოტოები, ხელნაწერები და ბეჭდური მასალა. 

ღონისძიების დაწყებამდე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში (უნივერსიტეტის ეზო) ჩატარდა სავედრებელი პარაკლისი.

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "წმინდა მოწამე მამა გრიგოლ ფერაძე არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და ჩვენი უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტში გაიხსნა მისი მემორიალური დაფა და პრაქტიკულად გადაიშალა კიდე ერთი ფურცელი ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ისტორიაში. ის პირველი კოჰორტის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაფასდეს ყველა ჩვენი პროფესორი, სტუდენტი, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის, ეკლესიიის, მომავალი თაობების აღზრდაში. დღევანდელი ღონისძიება არის წმინდა ფერაძის უნივერსიტეტში სიმბოლური დაბრუნება".

"ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ძალიან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა. წმინდა გრიგოლი ამ ურთიერთობის ნათელი სიმბოლოა. ამავე დროს, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ვარშავის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. მისი სამეცნიერო ნაშრომები ამის დასტურია" - აღნიშნა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ.

ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარიის ხელმძღვანელმა დავით ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ,,დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რადგან უნივერსიტეტმა, საბოლოოდ, დაიბრუნა თავის სტუდენტი წმინდა გრიგოლ ფერაძე. გრიგოლ ფერაძე ბევრ ქვეყანაში საპატიო და დამსახურებულ ადამიანად მიიჩნევა. პოლონეთში მისი მემორიალური დაფაც არსებობს და დღეს ორმაგად მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავზე მოხდა მემორიალური დაფის გახსნა".

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ და წმ.გრიგოლ ფერაძის საზოგადოება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary