საქართველოს პერემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ახალი საწავლო წლის დაწყება მიულოცა.
"ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ამაში მნიშვნელოვანია თქვენი, ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური სტუდენტების როლი" – მიმართა სტუდენტებს პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა. მან განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები ახალგაზრდებს პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტექნიკური დარგების განვითარებას ანიჭებს.
"ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო ინოვაციების განვითარება, განსაკუთრებით კი გამოყენებით მეცნიერებებში, დიდი შესაძლებლობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და წვლილი შეიტანოს ამ საქმეში"- აღნიშნა პრემიერმა.
მან მადლიერება გამოხატა საქართველოს განათლების სფეროში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისადმი და მას უპრეცედენტო მხარდაჭერა უწოდა.
"საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მეორე კომპაქტის მეშვეობით 140 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო და ის ადამიანური რესურსის განვითარებაზე დაიხარჯება. ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელშიც მომავალი 20 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო და ამერიკული საბაკალავრო პროგრამები და სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ" - განმარტა პრემიერმინისტრმა.
პრემიერმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა:
"დაფინანსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის საშუალებითაც დაიწყება შენობის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის აღჭურვა. წელს აგრარული მიმართულება დაემატა უფასო სპეციალობების რიცხვს. სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ამ ფაკულტეტზე სწავლას, რადგან აგროსექტორის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მჯერა, რომ ამ დარგშიც კვალიფიციური, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ სპეციალისტებს მოგვცემს ტექნიკური უნივერსიტეტი" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ.