საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის გახსნა
16 სექტემბერი, 2014
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის გახსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში აბიტურიენტთა მიღების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა თემურ ლორთქიფანიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკაკი ლოდიამ მიაწოდეს.

კოლეჯი 2009 წელს დაიხურა, მაგრამ 2014 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის ძალისხმევით კოლეჯის ფუნქციონირება აღდგა.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა, მიიზიდოს და აღზარდოს სასპორტო და სხვა პროფილის სათანადო განათლებისა და ინტერესის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს ქართული და მსოფლიო სპორტული მიღწევებისა და ღირებულებების დამკვიდრებას, მოახდინოს სწავლებისა და შემოქმედებითი პროცესების ურთიერთშერწყმა და ერთიან ეროვნულ საგანმანათლებლო და სპორტულ თუ სხვა სივრცეში ინტეგრირება.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის კურსდამთავრებული სპორტსმენები, მათ შორის იყვნენ - გივი კატოზია, გოგი სხირტლაძე, რომან რურუა, გურამ საღარაძე, დავით თელია და სხვები. მათ ამ კოლეჯს - რაოდენობრივად და ხარისხობრივად წარმატებული თაობა, სტუდენტებს კი წინსვლა და წარმატება უსურვეს. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის აკაკი ლოდიას თქმით, "დღეს შევიკრიბეთ, რათა გაცნობოთ პროფესიული სპორტული კოლეჯის აღდგენა. მინდა აღვნიშნო, რომ 20 სექტემბერს იწურება საბუთების მიღება. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას, დაეუფლოს პროფესიულ საქმიანობას ამ კოლეჯის მეშვეობით".

"პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც 1933 წელს დაარსდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის სპორტის აღორძინებაში. ამჟამად გვაქვს რამდენიმე პროგრამა, რომელზეც გავიარეთ ავტორიზაცია და უკვე ვიღებთ აბიტურიენტებს. ეს სპეციალობებია: მწვრთნელი, სამკურნალო მასაჟი, სამთო გამყოლი. ასევე მომზადებულია სამი დამატებითი პროგრამა, რომელზეც გაზაფხულიდან იქნება მიღება. ესენია - სპორტული კორესპონდენტი, მაშველი, ადაპტიური სპორტი" - განაცხადა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა თემურ ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საბუთების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 სექტემბრამდე. გამოცდები კი, რომელიც ტესტირების სახით იქნება, 26 სექტემბერსა და 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary