თსუ-ს რექტორის პრესკონფერენცია
18 სექტემბერი, 2014
თსუ-ს რექტორის პრესკონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში გააცნო და უნივერსიტეტში გატარებულ ღონისძიებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე, სამინისტროებთან ურთიერთობებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.

"დღეს გადავწყვიტე, ერთი წლის შედეგებით წარვდგე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს წინაშე. მე ვისაუბრებ უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, როგორებიცაა ახალი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე საინჟინრო ფაკულტეტების შექმნა. ვისაუბრებ ახალ პროგრამებზე, მწვავე ეკონომიკურ საკითხებსა და უნივერსიტეტის ახლოს მიმდებარე მშენებლობებზე, რომელიც მიუღებელია უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის" - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სტრუქტურული ცვლილებების პირობებში ისაუბრა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვისთვის. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა და საჭიროებისა, დღეისთვის პრაქტიკულად გაუქმებულია ფსიქოლოგიისა და პედაგოგიის შემსწავლელი ფაკულტეტი. მნიშვნელოვანია საინჟინრო ფაკულტეტის შექმნა და მისი ტექნოლოგიებით აღჭურვა. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი აქტიურად ითანამშრომლებს სანდიეგოს უნივერსიტეტთან. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ინიციატივას მხარს უჭერს ეკონომიკის, განათლების, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფაკულტეტებისთვის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადდება, რადგან მოხდება პერსონალის გადაყვანა. თსუ-ს რექტორმა ისაუბრა ეკონომიკური საერთაშორისო სკოლის დაარსებაზე, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ 15 ახალი საგანმანათლებლო პროგრამის გახსნაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში, ვქმნით და ვაყალიბებთ ახალ პროგრამებს, მნიშვნელოვანია დემოგრაფიისა და მოსახლეობის გეოგრაფიის სამაგისტრო, ასევე, არქეოლოგია, პოლეონთროპოლოგიისა სადოქტორო და მიგრაციის მართვის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების შექმნა" - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის 12 საკონკურსო ადგილიანი პროგრამის შექმნაზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პირველად დამკვიდრდა ივ. ჯავახიშილის სახელობის საერთაშორისო პროგრამა, რომლის მონაწილე ამ ეტაპისთვის იენის უნივერსიტეტიდან პაინც ფენრიხია. უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების პირობებში შეიქმნა პროფესორთა და მეცნიერთა (6 მოხსენება) და სტუდენტთა (18 მოხსენება) ფორუმები. სტუდენტური გამოკითხის საფუძველზე დაჯილდოვდა საუკეთესო პედაგოგები, საუკეთესო სტუდენტებს კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასი და რექტორის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ.

პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში არსებულ მთავარ პრობლემებს. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი ყოველდღიურად მუშაობს, რომ სრულიად საჯარო იყოს აკადემიური კონკურსები.

"მოგეხსენებათ, რომ აკადემიური რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენდა აქილევსის ქუსლს და ხშირად სტუდენტთა პროტესტის მთავარი სამიზნე იყო, დღეს აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. რეფორმების შედეგად მოხდა რეორგანიზაცია, შეიქმნა ცხელი ხაზი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გეგმის რეალიზებისთვის" - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობებზე. ტომსონის ბაზის მონაცემებით, გამოქვეყნებულია 299 პუბლიკაცია; მიღებულია 186 გრანტი, რომელიც 11037753 ლარს მოიცავს. სტუდენტებს აქვთ წვდომა უდიდეს ელექტრონულ ბაზებთან, როგორებიცაა SCOPUS და SCIENCE DIRECT. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ დებულების მიღება, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 3 საქმის განხილვა.

ვლადიმერ პაპავამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ურთიერთობებზე. ხელშეკრულება გაფორმდა 27 უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სადაც გაიგზავნა 126 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი. საპასუხოდ, თსუ-ში ჩამოვიდა 80 სტუდენტი, პროფესორი და მკვლევარი ევროპის 15 ქვეყნიდან. მნიშვნელოვანი სიახლეა უნივერსიტეტში წიგნის მაღაზიის გახსა და ბიბლიოთეკაში უნიკალური რობოტო-სკანერის ამოქმედება.

უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 16 მაისს მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე ჩატარდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ღონისძიებებსა და სტუდენტების აქტივობების სიმრავლეზე.
ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტისა და სამინისტროების ურთიერთობებზე ისაუბრა და პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება მოითხოვა.

"დღეს უნივერსიტეტი მხოლოდ სტუდენტის მიერ მოტანილ თანხაზე ფუნქციონირებს. თანხაზე, რომლიც თითოეული სტუდენტიდან სწავლის საფასურს 2250 ლარს შეადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი აპრილში ვიზიტის დროს დაგვპირდა, რომ სექტემბრის ბოლომდე ჩვენ გვექნებოდა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ველოდებით შემდეგი ორი კვირის მოვლენებს" - განაცხადა ვლადიმერ პაპავა.

ვლადიმერ პაპავამ მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც უნივერსიტეტისთვის გამოყო 10 ობიექტი (თუმცა, გადასაცემია სულ 116 ობიექტი). რექტორმა ისაუბრა საბურთალოს ბიბლიოთეკის მომიჯნავე ტერიტორიაზე სასაფლაოების გამრავლების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია შეასრულებს თავის დანაპირებს. ვლადიმერ პაპავამ მიუღებლად მიიჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობაც.

"მივმართავ მერიას, მოიშველიონ არგუმენტი არა იმისა, რომ დააკნინონ უნივერსიტეტი, არამედ გვერდში დაუდგნენ მას. მისი უმრავლესობაც ხომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია" - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა.

პრესკონფერენციის დასასრულს ვლადიმერ პაპავამ ღვაწლის უკვდავებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს თსუ-ს ყოფილ პროფესორთა ბიუსტების აღდგენა და განთავსება. მათ დაფასებას მოწმობს უნივერსიტეტის პანთეონში თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებლის იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary