სამხატვრო აკადემიაში რომის ხელოვნების აკადემიის დიზაინის პროფესორის კლაუდიო ვანიონის პროექტის "Help to think"დასკვნითი გამოფენა გაიმართა. პროექტი უორკშოფების სერიას თემაზე "ოცნებების ქუდი" მოიცავდა.
უორკშოფი რამდენიმე ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში პროფესორმა და აკადემიის სტუდენტებმა გამოფენასთან ერთად კატალოგი და ვიდეო მოამზადეს.
კლაუდიო ვანიონის აზრით, ოცნების დროს ყველაფერი დალაგებული და უშეცდომოა. მისი თქმით, თემა "ოცნებების ქუდი" იმიტომ შეირჩა, რომ პროექტიც ოცნებასავით უშეცდომო გამოსულიყო.
"საქართველოში პირველად ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ჩამოვედი, რომელიც აკადემიაში გაიმართა. მაშინ გავიცანი ქალბატონი თინა - რექტორი და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა უორკშოფი სახელწოდებით "Help to think", აკადემიაში, ძირითადად, ასწავლიან რამის შექმნას და არა აზროვნებას. კმაყოფილი ვარ ამ უორკშოფით. ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან კარგია. სამუშაო პროცესმაც კარგად ჩაიარა და შედეგით აღფრთოვანებული ვარ. მინდა, სამომავლოდ ამ ადამიანებთან ურთიერთობა კვლავ გაგრძელდეს" - აღნიშნა რომის სამხატვრო აკადემიის პროფესორმა კლაუდიო ვანიონმა.
"პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, გაცნობის იყო. მან გადაწყვიტა, ამ უორკშოფისთვის "ოცნების ქუდი" დაერქმია. საინტერესოა, ის, რომ პროექტში თითქმის მთელმა აკადემიამ ანუ ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა " - გვითხრა სამხატვრო აკადემიის რექტორმა თინათინ კლდიაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს შექმნილი ნამუშევრებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
"მე კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ეს პროექტი ჩვენი აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა და ვფიქრობ, შედეგიც მივიღეთ. როგორც ხედავთ, ჩვენი ნამუშევრები გამოფენაზეა წარმოდგენილი" - აღნიშნა მედიახელოვნების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ნათია ირემაშვილმა.