ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო "კომეტ" ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ვორკშოპი.
ღონისძიება დაგეგმილი და ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მიერ და მხარდაჭერილი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა მიხეილ ნიორაძემ განაცხადა: ,,საქართველოს მეცნიერული პოტენციალის ერთ-ერთ განმსაზღვრელად იყო და რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა. უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო თანამშრომლობის ვორკშოპს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ექსპერიმენტ ,,კომეტთან". ამ საერთაშორისო თანამშრომლობაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობს 15 ქვეყნის ორმოცდაათამდე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უნივერსიტეტი. მასპინძელი ქვეყნიდან, იაპონიიდან 12 მეცნიერი გვესტუმრა. თვითონ ეს ექსპერიმენტი შეეხება თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს, ელემენტარული ნაწილაკების დამახასიათებელი კვანტური რიცხვის შენახვის წესის დარღვევას. ამ ექსპერიმენტმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, საკმარისია თუ არა ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედება აღწერილ იქნას დღევანდელ დღეს არსებული თეორიის სტანდარტული მოდელის ფარგლებში".
ღონისძიებას ესწრებოდა ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იური ბაღათურია. მისი თქმით: ,,ეს ექსპერიმენტი წარმოადგენს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტს. ამ ექსპერიმენტის მიზანია, შეამოწმოს დღევანდელი ფიზიკა, ე.წ სტანდარტული მოდელი, კონკრეტულად ლეპტონური რიცხვის დარღვევის პროცესი. ეს ლეპტონური რიცხვის დარღვევა იმ სტანდარტულ მოდელში ჩადებულია ხელით, მის უკან რამე ძლიერი თეორიული დასაბუთება არ დევს, მაგრამ ეს რიცხვი ინახება. ახლა ვცდილობთ, გავიგოთ, რატომ ინახება ან იქნებ ირღვევა. თუ ირღვევა, გავდივართ ამ სტანდარტული მოდელის გარეთ და ეს ნიშნავს, რომ რაღაც ახალი ფიზიკაა. ახლა მოსამზადებელი სამუშაოებია, 2016-2018 წლებში ჩატარდება პირველი ფაზა, მერე დაიწყება სრული მთლიანი ფაზა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს".
კონფერენცია 26 სექტემბრამდე გასტანს.