"რედისონ ბლუ ივერიაში" აშშ–ს საელჩოს კულტურის საქმეთა ატაშემ ჯეიმს დუიმ აშშ–ს ყოველწლიური რიგით მე–5 საგანმანათლებლო გამოფენა გახსნა.
გამოფენა ორგანიზებული იყო Education USA Supported by the U.S Department of State ქსელის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების მიერ.
გამოფენას საგანმანათლებლო ცენტრების ქსელ "განათლება შეერთებულ შტატებში" წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.
აშშ-ში სწავლის გაგრძელების, სტიპენდიების, ჩარიცხვის კრიტერიუმებსა და სხვა საკითხებზე ინფორმაცია გამოფენაზე მისულმა სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.
"დღეს ძალიან დიდი დღეა ჩვენთვის, რადგან 40 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან აქ. ეს არის ჩვენი საგანმანათლებლო გამოფენა, ძალიან კარგი შანსია ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. საელჩოსთვის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. ჩვენი გაცვლითი პროგრამები მხარს უჭერს ქართველებს, რომლებსაც სწავლა უნდათ ამერიკაში" – განაცხადა აშშ–ს საელჩოს კულტურის საქმეთა ატაშე ჯეიმს დუიმ.
გამოფენაზე მისული ყველა სტუდენტი თუ მოსწავლე მათთვის სასურველი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან იღებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიონ უნივერსიტეტი ამერიკაში, როდის ჩააბარონ ტესტები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს, როგორ შეავსონ აპლიკაცია და რამდენ უნივერსიტეტს/კოლეჯს მიმართონ, როგორ მოიპოვონ დაფინანსება, სტუდენტური ვიზა და როგორი იქნება სტუდენტური გარემო აშშ–ში.
ამ საკითხზე "თავისუფალ ასოციაციასთან" კომენტარი გააკეთა საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა ნინო ჩინჩალაძემ: "დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთი გამოფენა არც ისე ხშირად ეწყობა საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი გამოფენა რაც აქამდე ჩატარებულა, რადგან ეს გამოფენა დაემთხვა ევროპისა და ევრაზიიის რეგიონის "განათლება ამერიკაში" ფორუმს. ამიტომ დაახლოებით 40–მდე უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩამოსული, რომლებსაც უნდათ ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს გააცნონ თავიანთი პროგრამები და გაუწიონ მათ კონსულტაცია, თუ როგორ წავიდნენ სასწავლებლად ამა თუ იმ უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია ეს დღე იმიტომ, რომ სტუდენტებს, მშობლებს, ახალგაზრდებს, პროფესიონალებს ეძლევათ საშუალება, რომ ძალიან დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამერიკაში სწავლის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ადამიანები, რომლებიც გაეცნენ ამერიკულ უნივერსიტეტებს, გააგრძელებენ ჩვენთან სიარულს და მიიღებენ შესაბამის კონსულტაციას".
გამოფენაზე 2000–მდე სტუდენტი და მოსწავლე მივიდა.
თითოეულ მათგანს აინტერესებდა, თუ რას სთავაზობენ ამერიკის უნივერსიტეტები. ისინი კმაყოფილნი იყვნენ გამოფენით და მსგავს ღონისძიებებს ისევ ელოდებიან.
"ძალიან საინტერესო გამოფენა იყო და მე პირადად ამომწურავი ინფორმაცია მივიღე იმ უნივერსიტეტის შესახებ, სადაც სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები საჭიროა, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დგება, რადგან უკვე ყველანაირად ინფორმირებულები ვიქნებით იმ ძირითად საკითხებზე, რაც ჩვენს სწავლასა და ამერიკულ ცხოვრებას ეხება. კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამოფენით და მიხარია, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარნენ" – განაცხადა ხატია ჭკადუამ.
ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებთან ერთად განათლების საერთაშორისო ცენტრი პერიოდულად აწყობს ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენებს თბილისსა და რეგიონებში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, პირადად გაეცნოს უნივერსიტეტების, კოლეჯების წარმომადგენლებსა და მათ კურსდამთავრებულებს, გაიგოს მეტი სასწავლო პროგრამების შესახებ. ცენტრები თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავშია.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ში საქართველოდან სტუდენტების მობილობა/გაცვლები ბოლო 5 წლის განმავლობაში 36%–ით გაიზარდა.