დაიცავი თსუ!!!
23 სექტემბერი, 2014
დაიცავი თსუ!!! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დაიცავი თსუ!" - დღეს ამ სახელწოდების აქცია გაიმართა თბილისის მერიასთან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებენ გაზგასამართი სადგურის აშენებას. ამ ფაქტს სტუდენტების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. გაიმართა მშვიდობიანი აქცია, სადაც სტუდენტები თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ.

აქცია დაგეგმა სტუდენტურმა სოლიდარობამ. თუმცა, მის ორგანიზებაში ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია: "სტუდენტური ომბუდსმენი", "მწვანე მუშტი" და სხვა. აქციის დევიზი კი იყო: "იყავი სოლიდარული, დაგვიდექი გვერდით და გამოხატე პროტესტი".

"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე. უგულებელყოფილია სტუდენტების უფლებები, მათი უსაფრთხოება. არ არის დაცული სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ინტერესები. უნდა აღიკვეთოს ეს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ" - აღნიშნეს სტუდენტებმა.

თსუ-ს სტუდენტები მიიჩნევენ, რომ გაზგასამართი სადგურის აშენებით მათი უფლებები იზღუდება. როდესაც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს არ აქვს ახალგაზრდული ცენტრი, კვების ობიექტები, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს, არასამართლიანია უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენება.
ერთ-ერთი სტუდენტის ნათია გელაძის თქმით, "საშინლად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ სტუდენტები. როცა ბატონი მერი იმყოფებოდა მაღლივში, სადაც ამჟამად შენდება გაზგასამართი სადგური, დაგვპირდა ახალგაზრდული ცენტრის აშენებას, თუმცა, იმ მომენტისთვის უკვე გაყიდული ყოფილა ეს ტერიტორია. გაზგასამართი სადგურის აშენება საფრთხის შემცველია, მოგეხსენებათ, ფეთქებადი ნივთიერებაა. გვინდა, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედონ, უსაფრთხოების ზომები დაიცვან მაქსიმალურად".

აქციას მხარდასაჭერად შეუერთდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს კურსდამთავრებულები, ილიასა და ალასანიას სტუდენტები. მათი თქმით, ეს მხოლოდ თსუ-ს პრობლემა არაა. ეს ყველა უნივერსიტეტის პრობლემაა, რადგან ხვალ შესაძლოა, იმავე მდგომარეობაში ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტი აღმოჩნდეს.
აქციის მიმდინარეობისას მერიის წარმომადგენელთან მოსალაპარაკებლად მიიწვიეს აქციის ორგანიზატორები.

მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ გაზგასამართი სადგურის აშენების საკითხი ეკონომიკის სამინიტროს ეხება. ქალაქის მერიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს სტუდენტების წამომადგენლების შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან.

"საინტერესო მოლაპარაკება შედგა, ჩვენ დიდხანს და ბევრ თემაზე არ გვისაუბრია. ის ჯგუფი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, მისცემთ უფლებამოსილებას, რომ აწარმოოს მოლაპარაკება, შეხვდება ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს. ქალაქის მერიამ პირველი ნაბიჯი გადადგა, ის შეგვიწყობს ხელს მოლაპარაკებაში, რომ გაზგასამართი სადგური სხვაგან აშენდეს და არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ აქცია იყო მშვიდობიანი. სტუდენტები იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება მათ სასარგებლოდ არ წაიმართება, კვლავ ჩაატარებენ აქციებს.

ფოტოების ავტორი: თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary