შედარებითი ლიტერატურის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია
29 სექტემბერი, 2014
შედარებითი ლიტერატურის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარდა შედარებითი ლიტერატურის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის თემა იყო: პარალელური და ურთიერთგადამკვეთი თემები დასავლურ და აღმოსავლურ ლიტერატურაში.

"შედარებითი ლიტერატურის კონფერენცია საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წელს ჩვენ კონფერენციას ვატარებთ შუა საუკუნეების ენებისა და კულტურების კვლევის ევროპულ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, რომელიც ევროპელ მეცნიერებს აერთიანებს. ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 12 მკვლევარი მონაწილეობს ჩვენს კონფერენციაში. თანამედროვე ლიტერატურაც ასევე ტრადიციულად შედარებითი ლიტერატურის კონფერენციების ფოკუსში ექცევა, ასე რომ, შუა საუკუნეებიდან დღევანდელობამდე, ევროპული კულტურიდან ქართულ კულტურამდე არის ის ფართო სპექტრი მოხსენებებისა, რომელიც წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე" - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ბელა წიფურიამ ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში.

მოხსენებაზე სიტყვით გამოვიდა დანიელ ბუშინგერი (პიკარდიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი), რომელმაც წარმოადგინა საქართველოს მაკავშირებელი როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ,,ვარლაამისა და იოასაფის" მაგალითზე. მისი თქმით: ,,ვარლაამი და იოასაფი ბუდას ლეგენდის ქრისტიანული ვარიანტია. ცნობილი პორტუგალიელი ზღვაოსანი დიეგო დე პორტო, რომელმაც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ცეილონი მოიარა, 1612 წელს გამოთქვამდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვარლაამი და ბუდა ორივე ერთი პიროვნებაა. პარალელიზმი ბუდასა და ვარლაამს შორის დაასაბუთა 1859 წელს ფრანგმა ე.ლაბულესმა".

დანიელ ბუშინგერმა ამ მაგალითით აჩვენა, თუ როგორ გადავიდა ვარლაამისა და იოასაფის ლეგენდა ქართულიდან ბერძნულში, ბერძნულიდან - ლათინურში, ლათინურიდან - ევროპულში და როგორი იყო ქართული ლიტერატურის ეს მონაკვეთი რგოლი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა.

კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა ანკე ბოსმა (ნამიურის უნივერსიტეტი, ბელგია) თემაზე - ,,ინტერკულტურულობა - ტრანსკულტურულობა". მისი თქმით: ,,ჩვენს გლობალიზებულ სამყაროში სხვადასხვა კულტურას შორის ურთიერთობა განუწყვეტლივ მყარდება და ჩვენს ყურადღებას იქცევს. ისე, როგორც არასდროს, ჩემი აზრით, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ინტერკულტურულობისა და ტრანსკულტურულობის კონცეპტუალიზაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ინტერ- და ტრანსკულტურულობა კაცობრიობის ისტორიის თანმდევი ფენომენია. მათი გამომწვევი მიზეზი კი ადამიანური არსებისთვის ოდითგანვე დამახასიათებელი მობილობაა".

კონფერენცია დაყოფილია რამდენიმე სესიად, სადაც მოხსენებებს წაიკითხავენ, როგორც ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიწვეული სტუმრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია დაიხურება 30 სექტემბერს 18:30 სთ-ზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary