ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - "ევროინტეგრაციის მომავალი".
თემა იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ენრიკო ლეტამ წარადგინა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები და სტუდენტები.
შეხვედრა ვლადიმერ პაპავამ გახსნა, ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა ენრიკო ლეტას მობრძანებისთვის. რექტორი თავის შესავალ სიტყვაში შეეხო ასოცირების ხელშეკრულებას, მის მნიშვნელობას საქართველოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო წინ წავა და მეტად დაუახლოვდება თავის მიზანს.
თემა ენრიკო ლეტამ განავრცო, მან სიხარული გამოხატა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმეზე, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და იტალია ძველი ცივილიზაციის ქვეყნებია, მათ შორის ბევრი საერთოა, თუნდაც კულტურული თვალსაზრისით და, შესაბამისად, მათი თანამშრომლობა აუცილებელი და შედეგიანი იქნება. მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ საწყისია, მთავარი კი საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვაა, დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა.
"საჭიროა ორმხრივი მზაობა და მოქმედება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია" - აღნიშნა იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა.
მან ასევე ყურადღება შეაჩერა იმ ფაქტზე, რომ ევროპას ისე, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა და სიფრთხილე იმისთვის, რომ კრიზისი ეფექტურად დაძლიოს, მან საქართველოს ენერგო კორიდორის პოტენციალს გაუსვა ხაზი და მის მნიშვნელობას ამ რთულ სიტუაციაში.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა.
საქართველომ და ევროკავშირმა 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუალ ბაროზომ და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ცერემონიაში.