ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ,,სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
,,ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რადგანაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ნამოღვაწარი უკეთესად წარმოუჩინონ საზოგადოებას. აქ საუბარია კონკრეტულ კვლევებსა და ამ კვლევების საზოგადოებისათვის გაცნობაზე. ჩვენ დავიწყებთ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდობისთვის ეს პროექტი იქნება მოულოდნელი" - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით: ,,არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაფორმდა მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტთან გვექნება მჭიდრო კავშირი, გავცვლით სიახლეებს. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, სადაც სტუდენტებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ, გაიარონ სტაჟირება და ვფიქრობ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ორგანიზაციისთვის".
მემორანდუმის თანახმად, მხარეები საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და უზრუნველყოფენ საინფორმაციო მხარდაჭერას სტუდენტებს შორის. ასევე ,,სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრი" თავიანთ ვებგვერდზე განათავსებს ყველა იმ სიახლეს, რომელსაც უნივერსიტეტი განახორციელებს.