ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - ,,პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში".
ლექცია თსუ-ს რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ,,პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა პოლიტიკურ იდეოლოგიებზე: ,,იდეოლოგიებისადმი განსაკუთრებული და მრავალწახნაგოვანი მიდგომაა. მაგალითად: ე.წ საჯარო ფინანსები იდეოლოგიას ეყრდნობა, ასევე პოლიტიკურ იდეოლოგიას ეყრდნობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება. მეცნიერები ამბობენ, რომ ორგანული და მექანიკური თეორიები არსებობს სახელმწიფოს შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, ბიუჯეტი, გადასახადები, ხარჯები და ა.შ. ორგანული თეორიის შესაბამისად მეცნიერები, პოლიტიკოსები, იდეოლოგები, ეკონომისტები საზოგადოებას განიხილავენ, როგორც ერთ ორგანიზმს, რომლის გული სახელმწიფოა და ჩვენს ინტერესებზე მაღლა საზოგადოების ინტერესები, ანუ სახელმწიფოს ინტერესები უნდა დავაყენოთ. ასეთი იდეოლოგიები იყო საფუძველი ბოლშევიკური, კომუნისტური საზოგადოების".
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთლიან შიდა პროდუქტზე, ექსპორტზე, იმპორტზე, ნაერთ ბიუჯეტზე და წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები 1990 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განმარტა ცალკეულ პერიოდებშ რა განაპირობებდა ექსპორტის და იმპორტის შემცირებას ან მატებას.
,,შარშან გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის კვლევებით, მოსახლეობის 40%-ის შემოსავლები შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების გადანაწილებაში არსებული უთანაბრობა გაგრძელდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ინკლუზიური (ყოვლისმომცველი) ზრდა, რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს ეკონომიკური ზრდის სარგებელი. მთავარი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებიც უნდა გაიზარდოს" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა: ,,ბუნებრივია, რომ ეს მოხსენება უნდა ყოფილიყო კომპლექსი თეორიული და პრაქტიკული მონახაზისა და ეს ასეც შედგა. დამეთახმებით, რომ სერიოზული პრობლემა არის ის, თუ რამდენად მისდევს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მეცნიერების იმ მიღწევებს, რომელიც უკვე მიღებულია".
მსგავსი ლექციები ჩატარდება ყოველთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, დაესწროს და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.