"ახალგაზრდა მკითხველი" არის ინტელექტუალური და ინდივიდუალური სახის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მკითხველებს.
ამჟამად პროექტში რეგისტრირებულია 60 მკითხველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადა 23 ივნისს იწურება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობისთვის" ახორციელებს.
პირველი შესარჩევი ეტაპი გაიმართება 25 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში. შერჩეული 20 ახალგაზრდისგან გამოვლინდება 3 გამორჩეული და დასახელდება "ახალგაზრდა მკითხველი".
არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ბესიკ ექსეულიძის თქმით, მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ''ეს პირველია და ერთჯერადი სახე არ ექნება, რადგან საქართველოში წიგნიერების პრობლემა აქტუალურია. ჩვენი ორგანიზაცია რეგისტრირებულ მკითხველებს არ დაკარგავს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ გაერთიანება, რომელიც წერა-კითხვის გავრცელებაზე იზრუნებს. ამ პროექტით მომავალ თაობას გადავუშლით გულს და ვეტყვით, რომ თუ წიგნს სიყვარულით გადაფურცლავენ, ნებისმიერ დროში იმოგზაურებენ".
პროექტს ჰყავს სპონსირები, რომლებიც საკუთარ რჩეულებს პრიზებით დააჯილდოებენ.