ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის საუნივერსიტეტო ცხოვრების ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე ილიაუნის თითოეულ სტუდენტურ კლუბს წარმოდგენილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ ამ კლუბებს.
,,ილიას უნივერსიტეტი პირველად მართავს საკლუბო ფორუმს. ძირითადად, ეს გათვლილია პირველკურსელებზე, რომლებმაც ახლა ჩააბარეს და არ იცნობენ ამ კლუბებს. ასევე ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია სტუდენტური ცხოვრებით, შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, დარეგისტრირდეს და გახდეს მისთვის სასურველი კლუბის წევრი" - განაცხადა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჩანტლაძემ ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში.
ჩვენ დავინტერესდით ილიაუნის საგარეო ურთიერთობათა სამსახურით და გავესაუბრეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს ირინა სულთანიშვილს. მან აღნიშნა: ,,ჩვენ დღეს წარმოვადგენთ გაცვლით პროგრამებს, რომლებსაც ვთავაზობთ ყველა საფეხურის სტუდენტს, პროფესორს, მკვლევარს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება მობილობა პოლონეთში, სილეზის უნივერსიტეტში. ასევე ფუნქციონირებს ერასმუს მუნდუსის კლუბი, რომელიც დაარსდა 2013 წელს და საერთაშორისო გაცვლითი პროექტების მონაწილეებისთვის გეგმავს მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს".
ილიაუნის სერვისცენტრის წარმომადგენლისა და ,,უნიკინოს" ხელმძღვანელის ნინო სიხარულიძის თქმით: ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "უნიკინო" 2009 წელს შეიქმნა და მას მერე ყოველ პარასკევს 18:00 საათზე A 101 აუდიტორიაში სტუდენტებს სთავაზობს კინოჩვენებას. ჩვენ ვუშვებთ ფილმებს, რომელსაც ჩვენი სტუდენტები არჩევენ და ჩვენივე სტუდენტები თარგმნიან. ფილმი გადის ორიგინალ ენაზე, თუმცა, სუბტიტრები აქვს ქართულად ნათარგმნი, რისთვისაც შევქმენით მეორე კლუბი, "უნიკინოს მთარგმნელთა კლუბი".