ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოზე მიწვეული პოეტები იყვნენ: ლიკა ოხანაშვილი, გაგა გომართელი, ედუარდ უგულავა, ჯუმბერ გოგრიჭიანი, რომლებმაც საზოგადოებას შესთავაზეს თავიანთი შემოქმედება. საღამოზე ლექსები წაიკითხეს აუდიტორიაში დამსწრე პოეტებმაც ვასილ ბოსტაშვილმა, გიორგი ხათაშვილმა და სხვებმა.
,,თვეში რამდენჯერმე ვგეგმავთ კულტურულ ღონისძიებებს. დღეს გვაქვს პოეზიის საღამო, სადაც მოწვეულნი არიან მწერალთა კავშირიდან პოეტები. ისინი წაიკითხავენ თავიანთი შემოქმედებიდან ლექსებს. რაც მთავარია, ღონისძიება ტარდება სტუდენტების ინიციატივით. ჯერჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს, ვის მოვიწვევთ შემდეგ, თუმცა, ეს ისევ სტუდენტთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული" -განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მირიან ცინცაძემ.
ჩვენთან საუბარში პოეტმა ლიკა ოხანაშვილმა აღნიშნა: "მოწვეულ სტუმრებს გვსურს, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ საინტერესო და სასიამოვნო პოეზიის საღამო. რაც შემეხება მე, ჩატარებული მაქვს ხუთი პერსონალური საღამო და გამოვეცი კრებული. ასევე ვარ "ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის" დამფუძნებელი, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ მსგავს საღამოებს".
პოეტმა გაგა გომართელმა თავისი ლექსით ,,პასუხი მამათა" ასახა 90-იანი წლების მდგომარეობა და პასუხი გასცა წინაპრებს იმ უკმაყოფილებაზე, რაც ამ თაობის ახალგაზრდებისადმი ჰქონდათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსგავს საღამოებს ყოველკვირეულად სთავაზობს სტუდენტებსა და პოეზიით დაინტერესებულ პირებს.