ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ დებატები გაიმართა
10 ოქტომბერი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ დებატები გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ,,საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში".

ღონისიება ორ სესიად დაიყო. პირველი სესიის თემა იყო ,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და დაფინანსება". ამ ბლოკში მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: სოციოეკონომიკური პირობები და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ენობრივი და ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. მეორე სესიის თემა იყო ,,უმაღლესი განათლების ხარისხი და კვლევები". ამ ნაწილში მომხსენებლებმა ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემისა და ქართული სამეცნიერო კვლევების შესახებ. 

პროექტი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოსა" და ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის" ერთობლივი ინიციატივაა. ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორ ნინო კიკნაველიძის თქმით: ,,პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დებატებისთვის თემების მომზადება და განხილვა. ერთ-ერთი ასეთი საჯარო დებატები დაიგეგმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგი დებატები იგეგმება რეგიონებში, რათა მოსახლეობამ გამოთქვას საკუთარი აზრი ისეთ თემებზე, როგორებიცაა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, დაფინანსება, განათლების ხარისხი, კვლევები უმაღლეს განათლებაში და ასე შემდეგ".

ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის" ექსპერტის, თეა სიფრაშვილის თქმით, განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა გატარდა და ხორციელდება, თუმცა, პროცესებში საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული. ,,2004 წლიდან საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ხშირად, ასეთი რეფორმების ინიციატივები სახელმწიფოს მხრიდან მოდის და საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული პროცესებში. პროექტის მიზანიც სწორედ ესაა, რომ საზოგადოების ხმა გააძლიეროს. სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების ხმა ისმოდეს უმაღლესი განათლების სისტემის შექმნის პროცესში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, რეფორმების რეალისტურად გატარებას. თავსმოხვეული ინიციატივები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ტარდება და სტანდარტების დაკმაყოფილებას ემსახურება. შესაბამისად, არ აისახება ხედვის ცვლილებასა და სიღრმისეულ რეფორმებში" - ამბობს თეა სიფრაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. ,,მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ დებატებში, თემები სხვადასხვა კუთხით განიხილება. საერთო აზრამდე მივდივართ, რომელიც ყოველთვის უკეთესია. ასეთი პროექტები უფრო ნაყოფიერი და ეფექტურია" - აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცერექტორი რიმა ბერიაშვილი.

თეა სიფრაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრა გაიმართება აჭარის რეგიონში - ბათუმის უნივერსიტეტში და კახეთში - თელავის უნივერსიტეტში. პროექტის შედეგად მიღებული რეკომენდაციები გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს და წარდგენილი იქნება შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary